აკაკი ზოდელი მეუღლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი ემოციურად ეხმაურება:
„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, …“
ერთი თვე გავიდა რაც ჩემი ცხოვრების აზრი, იმედი და სიხარული აღარ მყავს გვერდით.
არ მეგონა თუ მის გარეშე ამდენ ხანს გავძლებდი, მაგრამ …
მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ გაძლებას, როცა არაფერი აღარ გიხარია და არაფერი აღარ გწამს?
დიახ, ჩემი ცხოვრების მეგზური დავკარგე, დავბოდიალობ ახლა უგზო–უკვლოდ და როდის სად გადავიჩეხები არავინ იცის …
უბედნიერესი და უმდიდრესი ადამიანი ვიყავი მასთან ერთად. ყველაზე უბედური და ღარიბ–ღატაკი ვარ უმისოდ …
ორი წლის მანძილზე არაერთხელ მომინდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი, ჩავხვეოდი, დამეკოცნა, მეტირა, მთელი ხმით მებღავლა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი ამას, რადგან ვგრძნობდი, მასაც ავატირებდი და ამით უბედურებას მოვიახლოვებდი …
ვუვლიდი, ვეფერებოდი, ცივ სიოს არ ვაკარებდი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მაინც ვერ ვუშველე, პირიქით, ის ჩემზე ჯავრობდა, როგორ დაგტანჯეო მეუბნებოდა. ძალიან მძიმედ განიცდიდა, რომ საოჯახო საქმეს ვეღარ აკეთებდა. საქმის კეთება მომენატრაო, ცრემლიანი თვალებით მეტყოდა ხოლმე …
ერთადერთი რამ, რითაც შეიძლება ოდნავ თავი დავიმშვიდო, არის ის, რომ ის ხედავდა და გრძნობდა ჩემს უანგარო ზრუნვას მის მიმართ. ხედავდა და გრძნობდა, რომ მე მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, სიყვარულით და სითბოთი ვაკეთებდი ყველაფერს. ვეუბნებოდი კიდეც, რომ მას ამაზე არ ენერვიულა, რომ მე ასი წელი არ მომბეზრდებოდა მის მოვლა და მასზე მზრუნველობა. როდესაც ამ სიტყვებს ისმენდა ჩემგან, წამიერად სიხარულის და ბედნიერების სხივი გაკრთებოდა ხოლმე მის ლამაზ თვალებში, მაგრამ მხოლოდ წამიერად …
დრო გადიოდა, დღეები ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ და მე ის დავკარგე, დავკარგე რწმენასთან ერთად …
უფრო დიდი უბედურება, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, არ არსებობს და არ არსებობს არავინ და არაფერი, რაც მანუგეშებს და დამამშვიდებს …
ალბათ არანაკლები უბედურებაა რწმენის დაკარგვა, მაგრამ როდესაც ორი წლის მანძილზე
მის საშინელ ტანჯვა–წამებას ვუყურებდი და უფლება არ მქონდა ჩემი ტანჯვა–წამება გამომეხატა, თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს არაფერი არ ხდებოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მალე დასრულდებოდა მისი ტანჯვა, მაგრამ როდესაც ვიცოდი, რომ ასე არ იქნებოდა და ასე მხოლოდ იმიტომ ვიქცეოდი, რომ ქვეცნობიერით ვხვდებოდი, ასე იყო საჭირო, თუმცა ვერ ვხვდებოდი და ვერც ვერასოდეს მივხვდები, თუ რატომ უნდა ეწამოს ადამიანი – სიკეთის და კეთილშობილების განსახიერება, ქალი სინაზის, სათნოების, კდემამოსილების და ადამიანობის ნიმუში და ყოველივე ამ საშინელი ტანჯვა–წამების საკუთარი თვალით მხილველს რაღა უნდა მწამდეს?…
შვილის საშინელ ტანჯვას რომ ვეღარ გაუძლო, ორი თვით ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან უბედური დადამისი, რომლის უკანასკნელი ბედნიერება ის იყო, რომ შვილის წასვლას ვერ მოესწრო.
ორი წელი ეხვეწებოდა დადაჩემი უფალს, მე წამიყვანე და ჩემი გულიკო გამომიჯანმრთელეო. ჩემზე მეტად დედაჩემს რძალი უყვარდა. უყვარდა იმიტომ, რომ საყვარელი და დიდი ადამიანი იყო. არც მისი ლოცვა და ხვეწნა–მუდარა იქნა შესმენილი და დღეს დადაჩემიც ცხარე ცრემლით ტირის და აღარ სწამს არაფერი …
სამწუხაროდ მე არ ვარ ერთადერთი უბედური ადამიანი ამ ქვეყანაზე. ადრეც ხშირად მიფიქრია ცრუ საწუთროს უსამართლობაზე, ადრეც ხშირად შემპარვია ეჭვი მის კანონზომიერებაში, მაგრამ ნათქვამია, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე სოფლის უკუღმა ტრიალის საშინელება, ისე ვერ ჩასწვდები ბოლომდე მის მუხანათობასო.
ამბობენ ასევე, რომ უფალს კარგი მიჰყავსო. მაშინ ასეთი და ამდენი ხნის წამება რა საჭიროა? წასაყვანი უცებ წაიყვანოს …
თითქოს სიყვარული, ალერსი, მოფერება, მზრუნველობა და პატივისცემა არ დამიკლია მისთვის, მაგრამ ახლა მაინც საშინლად მწყდება გული, კიდევ მეტს უნდა მოვფერებოდი, უხასიათოდ ყოფნის საშუალება ერთხელაც კი არ უნდა მიმეცა …
დიდსულოვანი იყო და მისი სული მუდამ ასეთად დარჩება, მომიტევებს თუ რამეს არასწორად ვაკეთებდი მასთან მიმართებაში, მომიტევებს, მაგრამ ეს ვერაფრით მამშვიდებს ახლა …
გენიალურად თქვა პოეტმა და მომღერალმა თავის სიმღერაში: „როს კარგავენ, მის ფასს მერე იგებენ“. ყოველთვის კარგად ვიცოდი მისი ფასი, მაგრამ ახლა, როდესაც გვერდით აღარ მყავს, ვხედავ და ვგრძნობ, რომ შეუფასებელი იყო, რომ ერთადერთი და განუმეორებელი იყო. ამ სათაურით ლექსიც მივუძღვენი წლების წინ და თუ ვიცოცხლე, მისი ხსოვნის და სპეტაკი სულის უკვდავსაყოფად გამოვცემ პატარა კრებულს, სადაც მისთვის მიძღვნილ ასზე მეტ ლექსს შევიტან. ვიცი ვერც ეს დამამშვიდებს, მაგრამ მის სულს ძალიან გაუხარდება …
ათი შემთხვევიდან რვაში რომ ჯერ ქმარი მიდის, ამას ვამართლებ. ქალი უფრო ადვილად უმკლავდება მარტოობას და გაჭირვებას საერთოდ. გარდა ამისა, ბედნიერია ქმარი, რომელსაც ცოლი ალალი და ცხარე ცრემლით დაიტირებს. მე ესეც არ მეღირსა. ჯერ ის წამერთვა, ვისთვისაც სიცოცხლეს უყოყმანოდ დავთმობდი და ახლა მე დავრჩი მარტოდ, ტანჯვა–წამებისთვის განწირული. …
ახლა თქვენ მოგმართავთ მეგობრებო: ყველას მინიმუმ ოქროს ქორწილს გისურვებთ და სანამ ერთად ხართ, ერთმანეთის სიყვარულით, მოფერებით და პატივისცემით არ დაიღალოთ …
მომიტევეთ, რომ სახალისო ამბის ნაცვლად, ჩემს თავს დატრიალებული უბედურების შესახებ თხრობით დაგამძიმეთ.
ბევრმა გაიგო ჩემი უბედურება და მომისამძიმრა, მე პასუხიც ვერ გავეცი და მადლობაც ვერ გადავუხადე აქამდე. უღრმესი მადლობა ყველას ვინც ჩემი გასაჭირი გაიზიარა. სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ. …