ნანცო ცხვირაშვილი პოპულარული სერიალის აქტიური სახე გახდა – ბაქარ ორჯონიკიძის ცოლია და მისი პერსონაჟის მიმართ მაყურებელს აქამდე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს… მეტიც – შეიყვარა. მსახიობს მიაჩნია, რომ შარშანდელი, პანდემიურად რთული წელი, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ჩცდ-ში მიიწვიეს, რითაც მის შემოქმედებაში რაღაც ახალი ფანჯარა გაიხსნა – ახალი როლი დაიბადა და ახალი საინტერესო ურთიერთობები გაჩნდა. ნანცოს პროფესია უზომოდ უყვარს, უყვარს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრიც, სადაც მოღვაწეობს კიდეც.
როგორია ახალი წლის დღეები ქუთაისში, ამ დღესასწაულის შეხვედრის და აღნიშვნის რა ტრადიციები აქვს მსახიობს, რას ფიქრობს სერიალში მის გმირზე, ამაზე და სხვა საკითხებზე თავად ისაუბრა:
“საახალწლო სამზადისს ერთი თვით ადრე ვიწყებ, რადგან ეს ჩემი უსაყვარლესი რიტუალია. ვყიდულობ ლამაზ ნივთებს, საჩუქრებს ახლობლებისთვის და 10 დეკემბრიდან უკვე ნაძვის ხე მორთული მაქვს. ქუთაისში ისეთი ახალი წელია როგორც თბილ, ლამაზ და პატარა ევროპულ ქალაქებში. წელს, სხვათა შორის, ბევრი ახალი განათება იყო, რომელიც ქუთაისის ქუჩებს ძალიან მოუხდა. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი განსაკუთრებული გატაცება რომ არის და გამომდის კიდეც, მით უმეტეს, სადღესასწაულოდ. მაგრამ წელს დატვირთული დღეების გამო, ტრადიციის პატივისცემა მხოლოდ გოზინაყის მომზადებით გამოვხატე. გოზინაყი ზუსტად ისეთი გამომდის და ისეთს ვაკეთებ, როგორც “ნუნუკას რეცეპტში” იყო. ამიტომ, სერიალშიც ბუნებრივად გამომივიდა.
მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს ყველას ერთნაირად გვაწუხებს, გვაშინებს და ცხოვრების წესს გვიცვლის, 2021 წელი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულმა წელმა შემძინა ბევრი ახალი ურთიერთობა, საინტერესო ადამიანები და შემოქმედებითი პერსპექტივები. ყველაზე მთავარი – ჩემი ახალი პერსონაჟი ყველაზე რეიტინგულ სერიალში. “ბაქარის ცოლი” და “ნუნუკას რძალი” მომავალ სურვილებზე ხმამაღლა, ალბათ, არ ილაპარაკებდა (იცინის)”.
წყარო: ambebi.ge