გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძე ამ ეტაპზე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი აღარ არის. მას კონტრაქტი ამოეწურა, როგორც ქვეყნის სხვა თეატრების ხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მხოლოდ ოთხი (რუსთაველის, ჩრდილების, გაბრიაძის და გრიბოედოვის) თეატრის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეციის უფლება და დირექტორები პირდაპირი წესით დანიშნა, ზოგიერთ მათგანს კი ვადა გაუხანგრძლივა.
ასე არ მოხდა ლევან წულაძის შემთხვევაში. მედიაში უკვე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმოწერა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ლევან წულაძეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა თავიდან მიიღოს.
ლევან წულაძე მედიასთან არ კონტაქტობს, რეჟისორს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამჟამად იზოლაციაშია. კოვიდი დაუდასტურდა ასევე მის შვილს, თინათინ წულაძეს და 5 თვის შვილიშვილს ანდრო კოტეტიშვილს.
“მადლობა ყველას მოკითხვისთვის, სამივე კარგად ვართ. მე, მამა და ჩემი შვილი ვართ ინფიცირებულები. ერთად ვართ ახლა სამივე. თავს ნორმალურად ვგრძნობთ, კარგ ხასიათზე ვართ. ექიმს მამასთან ჰქონდა რამდენიმეჯერ კონტაქტი, საბედნიეროდ კარგად არის ყველაფერი. მეოთხე, მეხუთე დღე არის ახლა ჩვენი ინფიცირებიდან”, – განაცხადა თინათინ წულაძემ და დასძინა, რომ მამამისი კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. “აუცილებლად მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, როგორც ადრე, ახლაც მიიღებს”.