მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

0
624
29 Views

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება.

ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც.

არის ასობით შემთხვევა, როცა ადამიანებმა გადმორიცხეს 3 ლარი, 1 ლარი. გვყავს სოლიდური შემომწირველებიც – ვინც 2000, 1000, 600, 500, 100 ლარი გაიღო მოზარდების მხარდასაჭერად.

„ბათუმელები“ კონსულტაციებს გადის კვალიფიციურ ორგანიზაციებთან, თუ როგორ შეიძლება სწორად და მიზანმიმართულად მოხმარდეს აღნიშნული თანხა ანრის და კახას, რომლებიც არასრულწლოვნები არიან და თანხას თავად ვერ განკარგავენ.

ბავშვები ამბობენ, რომ მათი სურვილი ბინის შეძენაა.

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული თანხის განკარგვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ „ბათუმელები“ ინფორმაციას მოკლე ხანში გამოაქვეყნებს.

ანრი და კახა კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს, იყო: „კარგად ისწავლეთ“.

ბიჭებს სწავლისთვის შესაფერისი პირობები არ ჰქონდათ, ქოხში, რომელიც „ოცნების ქალაქში“ აქვთ და სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, წყალი ჩამოდიოდა და იყო სიცივე. არც წიგნები ჰქონდათ და არც კომპიუტერი. კახას თქმით,ის  ბიძასთან ერთად მუშაობდა და კომპიუტერისთვის ფულს აგროვებდა, მაგრამ მაინც ვერ შეაგროვა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კახას და ანრის ბინა გადაეცემათ „ოცნების ქალაქში“. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქ მცხოვრებთათვის კორპუსები უკვე შენდება. მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გადასცემენ ძმებს ბინას.

მანამდე ბიჭები ბიძასთან ცხოვრობენ სოფელ ახალშენში. სასამართლომ მათზე მეურვეობა კი დეიდას მიანიჭა.

გარდა შემოსული თანხისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ სტატიის მკითხველები თავისი ინიციატივითაც დაეხმარნენ კახას და ანრის, თანხით, საკვები პროდუქტითა და ტკბილეულით. ერთ-ერთი კერძო პირის გადაწყვეტილებით, ის მზად არის დააფინანსოს ბიჭების რეპეტიტორთან მეცადინეობის ხარჯები სამ საგანში – ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში. ბიჭების ბიცოლას თქმით, პედაგოგების მოძებნას ახალი წლის შემდეგ აპირებენ.

ბიჭების ბიცოლას თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მათთან მივიდნენ კერძო პირებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ბავშვების ახალ ბინაში [ბინის გადაცემის შემდეგ] ავეჯს შეიტანენ. თუმცა ამ კერძო პირების ჩართულობის შესახებ „ბათუმელები“ გადამოწმებულ ინფორმაციას არ ფლობს.

Cesko