ქართველმა “სტროგმენმა” ავთანდილ ყარმაზანაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში გერმანიასა და ფინეთში გამართულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
კერძოდ, 28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ფულდაში “სტრონგმენის” ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა (120+კგ) ავთანდილ ყარმაზანაშვილმა, აბსოლუტური უპირატესობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ორი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა.
5 ოქტომბერს კი ფინეთში ყარმაზანაშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე “მასრესლინგში” (ძალისმიერი ფიტნესი), ფურორი მოახდინა და როგორც თავისი წონითი კატეგორიის, ასევე აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატების შემდეგ ყარმაზანაშვილი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. აეროპორტში მას მხოლოდ ძმა დახვდა.
“ეს მთა კაცი ავთანდილ ყარმაზანაშვილია. გუშინ დაბრუნდა გამარჯვებული საქართველოში, საკუთარი ძმა დახვდა მხოლოდ აეროპორტში… დღეს და ხვალ კი ისევ სამსახურში იქნება, როგორც აქამდე. მერე კიდევ მოიგებს, ისევ ასახელებს საქართველოს, ისევ ასწევს დროშას ყველაზე მაღლა. ჩვენ კიდევ ზარ-ზეიმით მხოლოდ “პოპულარულ” სპორტსმენებს შევეგებოთ აეროპორტში…. ასეთი სპორტსმენები კი ისევ წყნარად გააგრძელებენ წარმატების მიღწევას” – წერს გვერდი Irakli Arabuli’s Blog სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ვინ არის ავთანდილ ყარმაზანაშვილი?
26 წლის სპორტსმენმა მცირე დროში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. 4 წლის წინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძოდა, სოფელ ციხისძირში მოწყობილ სავარჯიშო სივრცეში ყარმაზანაშვილმა სხეულის გასაჯანსაღებლად ვარჯიში დაიწყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ დროის გასაყვანად დაწყებული სპორტული აქტივობა მალე პროფესიად იქცეოდა.
“სახლის პირობებში ცოტა რთული იყო, საჭირო ინვენტარი არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა შევაგროვე ყველაფერი. მანამდე ვჭიდაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სპორტი ჩემი არ იყო, შემდეგ კარატეზე შევედი, მაგრამ ამ სპორტსაც ვერ გავუგე. შემდეგ რაგბიზე დავდიოდი, ამ დროს აღმომაჩინა ტრენერმა და შემომთავაზა, რომ სტრონგმენში გამოვსულიყავი საცდელად” – ამბობს ყარმაზანაშვილი “პირველ არხთან”.
ახალგაზრდა სპორტსმენმა მცირე დროში არაერთ წარმატებას მიაღწია. ევროპის გუნდური რეკორდის თანამონაწილეა, სხვადასხვა შეჯიბრი 6 პირველი ადგილი აქვს მიღებული.
“ვარ საქართველოს და ევროპის პრიზიორი, მსოფლიო რეკორდის თანამონაწილე და მაქვს ევროპის რეკორდი მოხსნილი. ჩემი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებზე ჩემი ქვეყნის დროშა ავწიო” – ამბობს ის.
ავთანდილი დაცვის სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ მისი პროფესია ბევრ შრომასთან ერთად ფინანსებთან ერთად მოითხოვს.
“მიწევს 24 საათიან დაცვის სამსახურში მუშაობა, ღამის საათებში ძილის გატეხვა. არ მყავს სპონსორი, ჩემი ხელფასის უმეტესობა მიდის ვიტამინების შეძენაში, რაღა ჩემი ფიზიკური მონაცემები განვავითარო” – აცხადებს ქართველი “სტრონგმენი”.
ბოლო კვირებში მიღწეული წარმატებების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ავთანდილ ყარმაზანაშვილის ძმა ანატოლი ყარმაზანაშვილი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩემპიონს გუშინ აეროპორტში დახვდა. სწორედ მის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა სოცქსელში და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა:
არ ვიცი საიდან დავიწყო. ვიტყვი იმას, რომ ბოლო ათი დღეა ნორმალურად არ მძინებია, სად მითენდებოდა და სად მიღამდებოდა არ ვიცოდი, ჩემი ძმა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქუთაისის აეროპორტში მატერიალური უქონლობის გამო ვერ შევძელი დახვედრა. როდესაც ავთომ მსოფლიო მოიგო და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ევროპის ფედერაციამ საკუთარი სახსრებით მიიწვია ფინეთში გამართულ შეჯიბრზე, ერთ დღეს ტელევიზიაში მიდიოდა, რომ ამ წარმატების შესახებ სიუჟეტი გაეკეთებინა, გზად მიმავალი პაპაჩვენის სიკვდილს შეესწრო, სასწრაფო, საათ ნახევარი უკეთებდა გულის მასაჟს, პაპას გულის პრობლემა ჰქონდა ასევე მისი ჯანმრთელობაც მცირედ შერყეული იყო, როდესაც ისინი დაიღალნენ, შემდეგ ჩემმა ძმამ გააგრძელა იგივე, რომ გული აემუშავებინა, მაგრამ ვეღარაფერი შეძლეს.
გამგზავრების საკითხი და ყველა ფორმალობა უკვე მოგვარებული იყო, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა წასულიყო, ვიცოდით, რომ მისი წარმატება პაპას ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ავთოს განწყობა საერთოდ არ ჰქონდა, ჩვენ ვცდილობდით მოტივაცია მიგვეცა და დაგვებრუნებინა, ძალები მოეკრიბა, ეს გამარჯვება კი პაპისთვის მიეძღვნა. წასვლამდე მაქსიმალურად იხარჯებოდა და ძილს ტეხდა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დაკრძალვის საკითხები მოეგვარებინა, საკმაოდ ქაოსური იყო ის სიტუაცია რაც ჩვენს თავს იდგა, დიდ სიხარულს თან დიდი მწუხარება დაერთო, ხალხმა აღარ იცოდა სამძიმარი გაეცხადებინა თუ სპორტული წარმატება მოელოცა. დრო ელვის სისწრაფით მიდიოდა, ისე თენდებოდა და ისე ღამდებოდა, ასე, რომ ვთქვათ, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდით.
მეც და ჩემი ძმაც სამსახურში ვმუშაობთ, რომელიც ღამით სიფხიზლეს და კონცენტრაციას მოითხოვს, როცა ავთო წავიდა, მის მაგივრადაც მე ვიკისრე სამსახურის პასუხისმგებლობა, კვირას პაპა დავკრძალეთ, იმ ღამითვე სამსახურში წავედი, მეორე დღისით დაკრძალვის შემდგომი რიგი საქმეები მოვაგვარეთ. მე სოფელში ვცხოვრობ, თბილისში სახლი არ მაქვს, მაგრამ იმ საღამოს ბიძის სახლში დავრჩი ავჭალაში, გავიგე, რომ ტაქსები ღამით ძვირია, (ღამით არასდროს მიმგზავრია ტაქსით) იმ მომენტში ფინანსურად არ მქონდა იმდენი საშუალება, რომ ტაქსით მივსულიყავი და უკან დავბრუნებულიყავი, ამიტომაც იქამდე სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა, ადრე წასვლა გადავწყვიტე, სულ რაღაც ერთ ლარად მივაღწიე აეროპორტამდე.
თერთმეტის ნახევარზე უკვე ადგილზე ვიყავი. წიგნის კითხვაში პირველი საათი მოვიდა, ამ ქაოსური დღეების ფონზე მოუწესრიგებლად და საეჭვოდ გამოვიყურებოდი, რის გამოც აეროპორტში ექვსი პოლიციელი გარს შემომერტყა და ჩემი “გამოძიება” დაიწყო, სხვადასხვა დეტალები გამომკითხეს, ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი, გაიკვირვეს კიდევაც ამდენი ხანი აქ უნდა დაელოდოო, შემდეგ მკითხეს დახმარება ხომ არ მჭირდებოდა და გამიშვეს. მინდოდა, რომ ფხიზლად ვყოფილიყავი, შემდეგ ისევ აეროპორტში ვბრუნდებოდი და მონიტორს ვუყურებდი როდის გამოჩნდებოდა რიგას რეისი, როცა მციოდა ისევ პარკინგზე ვბრუნდებოდი და ვვარჯიშობდი, მაგრამ მიღირდა ეს ყველაფერი, ისიც კი მახსოვს როდესაც ორივე ერთად ვასპარეზობდით, ერთ სპორტში როგორ ვთხოვდით ერთმანეთს აღჭურვილობას, ფეხსაცმელს, შორტებს, ავთოს პირველ შეჯიბრზე რომელიც “გეპეისთან” გაიმართა, ჩემი ფეხსაცმელები ეცვა, ჩემს პირველ შეჯიბრზეც მეც ის ფეხსაცმელები მეცვა და დღემდე სუვენირად მაქვს შენახული.
აეროდრომზე, რომ airbaltik-ის თვითმფრინავი დაჯდა მაშინვე მივხვდი, რომ ისინი ჩამოფრინდნენ, კამერა მომარჯვებული სულმოუთქმელად ვუცდიდი როდის გაიღებოდა კარი, თან ირგვლივ ვიყურებოდი და ვერავის ვცნობდი, მიკვირდა საქართველოში ევროპის ჩემპიონატიდან სპორტსმენები 100 % იანი შედეგით დაბრუნდნენ და ნუთუ არავინ დახვდება თქო, მაგრამ საქართველოში ეს უკვე ნორმად იქცა, ვინც უფრო დიდ სანახაობას სთავაზობს ხალხს, მას უფრო დიდ პატივს სცემენ, შემდეგ როდესაც ვინმეს შეარცხვენენ ან სინდისის ქენჯნა დაეწყებათ მერე ცდილობენ გამოსწორებას. მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ წყალი აორთქლდება ჯობია სასიკეთოდ გამოიყენო იგი. ნათქვამია “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია.” ასე იქმნება დიდი და ძლიერი ერი”.