საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა ორ ეტაპიანი კიდევ რამდენიმე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება. საუბარია, „CE“, „DE“ კატეგორიების „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში, რეალურ პირობებში ჩაბარება ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზეც სავალდებულო იქნება.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ სატრანსპორტო საშუალებებს რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი.
გეგის თანახმად, სახელმწიფოს ამისთვის ბოლო ვადად 2024 წლის მე-4 კვარტალი აქვს განსაზღვრული, ბიუჯეტი კი 1 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული კატეგორიები მოიცავს შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:
- „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
- „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
თავის მხრივ „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილებად კი ითვლება:
- „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს; „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
- „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს; „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.