„ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისთვის, არასოდეს დაივიწყებს მას”– პატრიარქის სამძიმრის წერილი

0
1033
96 Views

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ცნობილია, როდის და სად დაკრძალავენ მამა თეიმურაზ ქორიძეს

„ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს…

დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.

მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამაასიათებელი ნიშანია.

ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.

ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მოჰმადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.

მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

Cesko