მუსიკოს ლევან შენგელიას საზოგადოება, დღეს და ხვალ, ქალაქ სამტრედიაში ემშვიდობება, 19 აგვისტოს კი, თბილისში, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, 18 საათიდან, შედგება სამოქალაქო პანაშვიდი; 20 აგვისტოს, 14 საათზე, მუსიკოსი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება.
ლევანს “პრაიმტაიმთან” ამერიკიდან ცუცა კაპანაძე იხსენებს.
ცუცა კაპანაძე: – ლევანიკომ გული ძალიან დაგვწყვიტა ყველას. შოკი იყო. არ ველოდი ასე უცებ, თუ ეს ამბავი მოხდებოდა. აქედან საქართველოში წამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ ექიმები. უნდოდა ჩამოსვლა, 85 წლის მამა ჰყავს მანდ. 31 მაისს ჩამოვიდა საქართველოში.
შემართებით იყო, ექიმები აღფრთოვანებულები იყვნენ, უკან დაიხია ავადმყოფობამო. ამით ბედნიერი იყო. იმედიანად უყურებდა, არასდროს დაუწუწუნია, ოველთვის კარგი განწყობა ჰქონდა. საკუთარი მდგომარეობით არ დაგამძიმებდა. სხვას ამხნევებდა.
ავ სენს მაქსიმალურად ებრძოდა, თავი ხელში ჰყავდა აყვანილი. ქიმიის გადასხმაზე რომ მიდიოდა, იქაც ინსტრუმენტზე უკრავდა. მეუბნებოდა, რა კარგია, რომ იქ სხვა პაციენტებს და მედპერსონალს ჩემი მუსიკით ვართობო. ექიმები გაოცებულები არიან, ჩემმა სენმა უკან რომ დაიხიაო და ეს იცი, რისი ბრალია, ცუცა? ეს მუსიკის ბრალია, მუსიკამ გადამარჩინა და ის მაცოცხლებსო. მართლა მუსიკის სამყაროში იყო და არც ფიქრობდა ცუდზე.
ქართული კულტურის ცენტრში, ირაკლი შარაძესთან ერთად, საქველმოქმედო საღამო მოვაწყე – “ლევან შენგელია და მეგობრები.” ის უკრავდა, მე ლექსს, სონეტებს ვამბობდი, პროზაულ ნაწყვეტებს ვკითხულობდი… უდიდესი სიამოვნება იყო მასთან ერთად სცენაზე დგომა.
საქართველოში საღამოებს აწყობდა ხოლმე. მუხრან მაჭავარიანის რამდენიმე საღამო გააკეთა. მეუბნებოდა, წელს რომ წავალთ სამშობლოში, აუცილებლად მუხრანის ეზოში გავაკეთოთ საღამოო. ასევე გვინდოდა საჩხერის ცენტრშიც გაგვეკეთებინა ერთი საღამო. გვქონდა გეგმები…
მე მის მსგავსად ძლიერი არ ვარ. ვერც ავიყვანდი ალბათ თავს ხელში. აქეთ გვამხნევებდა. არ უნდოდა, რომ შეგცოდებოდა. ეს არ უყვარდა. პირიქით, მხირულებას და პოზიტივს ელოდა ყველასგან.
მიჭირს ასეთი უნიჭიერესი ადამიანი, ასეთ ასაკში (49 წლის) რომ ტოვებს ამ ქვეყანას. იმედია, სასუფეველში იქნება ლევანიკო.
ვერ ვწერ სიტყვას – მშვიდობით. მიჭირს გამოვემშვიდობო.