ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ისევ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არის. მამაკაცი, რომელიც მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა, თავისუფალია _ ჟურნალისტის თქმით, ის ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვეს. ჟურნლისტი შსს-ს საჯარო პოსტით მიმართავს.
„ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ის, რასაც ახლა ვწერ… ჩემი ოჯახის წევრების განერვიულებას ვერიდები ხოლმე და ახლაც მათი ფაქტორი მაფერხებდა, თან, რომ არ მოგატყუოთ, ძალიან, ძალიან დამღალა ჩემი, როგორც ქალის უფლებებისთვის ბრძოლამ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგან უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედ ვარ ფსიქოლოგიური ტერორის ობიექტი…
იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი.
მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია. ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საიდან აღმოცენდა. ესეც მიგახვედრებთ, რა აბსურდში ვარ. სიგიჟეებს ამტკიცებს და მე მიწევს ამ შეურაცხმყოფელი სიგიჟეების ატანა.
იცით ეს ამბავი და ძველ დეტალებს აღარ დავწერ. შესწავლილი აქვს დედაჩემის, მამაჩემის სახელები, საცხოვრებელი მისამართები, რაც მიჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ ავადმყოფი არაა… კარგად დამუშავებული ავადმყოფია. უამრავი წელი მიწევდა პოლიციაში საჩივრების წერა, პოლიციის ჩართვა, რომ ეს მანიაკი არ გამკარებოდა. როგორც იქნა, რამდენიმე წლის წინ, როცა სოცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დაიჭირეს (გიორგი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა მას ამისთვის, პირადად ჰყავდა აყვანილი კონტროლზე ჟურნალისტზე მუქარის და აკიდების ეს ფაქტი, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ლონდა თოლორაიაც). საბოლოოდ ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში.
პერიოდულობით მე და ჩემი ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი, ვაკონტროლებდით ხოლმე, რადგან შიგადაშიგ იქიდანაც ფიქსირდებოდა ზარების შემთხვევები. მეტკანკლებად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოი, რომ ხონში ჰყავდათ..
მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმს-ების გამოგზავნა და ჰოი, საოცრებავ, აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას (რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ისევე, როგორც ადრე, მისი განსაკუთრებული შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს. ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).
მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა… მოკლედ, ყველაფერი ახლიდან დაიწყო.
ახლა რატომ ვწერ – დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს! სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს, გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.
ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფეს!!!
არც ერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას – იმოქმედეთ დაუყონებლივ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი (პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია).
პოლიციაში რომ განცხადებები ხელახლა უნდა ვწერო და ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და მორალური ტერორის აღსაკვეთად, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ჯოჯოხეთია ქალებისთვის ეს პროცესი და ეს ქვეყანა, მაგრამ სხვა გზა არაა…
ამტკიცო, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ამაზე რთული და საშინელი პროცესი არაფერია. საშინელი და დაუსრულებელი პროცესია, ვისაც გამოუცდია, გამიგებს… ძალიან შეურაცხმყოფელი პროცესია ამავდროულად, ამტკიცო, რომ არ იცნობ მოძალადეს, რომ არასოდეს გქონია შეხება და ა.შ…
P.s-კოლეგებს ვთხოვ, კომენტარზე არ დამირეკონ, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მადლობელი ვიქნები, თუ გამიწევთ ანგარიშს, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პლატფორმაზე მუშაობთ. ბოდიში ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ჩემ გამო ამდენი სიგიჟის და ნერვიულობის ატანა რომ უწევთ“, – წერს ინგა გრიგოლია.
„ის მანიაკი გამოუშვეს და ისევ დაიწყო ტერორი“ – ინგა გრიგოლიას მამაკაცი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება
77 Views