ჰყავს თუ არა შეყვარებული, როგორია მისი ცხოვრება ინგლისში და რას ჰყვება დედა? – გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი

0
92
32 Views

ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებსა და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი “მოედნიდან” ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი “ოსტატობა” მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც… – გიორგი ჩაკვეტაძემ EURO 2024-ზე დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. დღეს კი მას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია. 1999 წლის 29 აგვისტოს  თბილისში დაიბადა, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.

“აფხაზეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა, სახლი გვქონდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს ისე მოხდება, რომ დავიბრუნებთ, ჩავალთ და ისევ გაერთიანებული იქნება ჩვენი საქართველო”, – ამბობდა ის Geo Team-თან ბლიცინტერვიუში.

გიორგიმ ვარჯიში “ნორჩ დინამოში” დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. “ნორჩ დინამოელს” მოჰყვა თბილისის “დინამოს” აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ. საბოლოოდ, გიორგის აგენტების, გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. კლუბში ჩაკვეტაძეს საყვარელი 7-ნომრიანი მაისურა გადასცეს, რა ნომრითაც გიორგის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს. დღეს ის „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია და ინგლისში ცხოვრობს.

დღეს ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავია, თუმცა გზა, რომელიც გაიარა, იმედგაცრუებითა და სირთულეებით იყო სავსე. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში გიორგიმ რთული ტრავმა მიიღო, რომლის მკურნალობაც დიდხანს გაგრძელდა.

ერთი შეხედვით, ფიზიკური ტკივილი დემოტივაციისა და დანებების მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა გიორგიმ საკუთარი ოცნებებისთვის ბოლომდე იბრძოლა, გამოჯანმრთელდა და სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი კუმირის, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

 

“19 წლის ხდებოდა, ტრავმა რომ მიიღო. ბელგიაში ხელოვნურ მოედანზე სათამაშოდ წავიდნენ, იქ მუხლი სერიოზულად დაიზიანა. არადა, 1 კვირაში ახალი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. მასში 20 მილიონზე მეტს იხდიდნენ, მაგრამ ტრავმის გამო ხელმოწერა აღარ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო გაუცდა, ფსიქოლოგიურად მაინც არ გატყდა, სულ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სტადიონზე შედიხარ და სათანადო ყურადღება არ გექცევა, ძალიან რთულია. ამ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ამ დროს გამოჩნდა გიორგის ცხოვრებაში ვლადიმერ ვაისი (სლოვაკი ფეხბურთელი, მწვრთნელი). ის იცნობდა გიორგის პოტენციალს, წაიყვანა კლუბში “სლოვან ბრატისლავა”, ათამაშა, დრო მისცა.

ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და გიორგისთვის მისი ტრავმა, თუმცა გიორგიმ შეძლო ფსიქოლოგიურად ამის დაძლევა და დაბრუნება… “, – იხსენებდა გიორგის დედა.

“ყინვაში, სიცივეში… ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა. მის გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრი მეც არ ვიცი, ხან ვინ მეუბნება მადლობას და ხან – ვინ. ძალიან კეთილია, მაგრამ ამის აფიშირებას არასდროს ახდენს. 2 ძმა ჰყავს. ბოლო დროს მშობლები ცოტათი ვავადმყოფობთ, ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველია…  შვილი როგორ ვაქო, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია”, – ამბობდა გიორგი ჩაკვეტაძის დედა.

თავად გიორგი კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ბლიცინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:

“სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: “ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!” მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს” , – ამბობდა ფეხბურთელის დედა.

Cesko