„ცოლისა და სიდედრის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა მეუღლის დახრჩობა სცადა.. სამწუხაროდ…

May 25, 18:30
0
88

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ კი, მისი დახრჩობა სცადა.

პროკურორის განმარტებით, 20 მარტს მარიამ სოფრომაძეზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ სოფრომაძეს კლინიკაში ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა მან ექიმებს რეალური მიზეზი დაუმალა და მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

„6 თვის ბავშვი ჰყავდათ ექიმთან და როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, თავს დაესხა ორივეს.. 20 მარტს ხელები წაუჭირა ყელში და ახრჩობდა გოგონას ყელში ხელის წაჭერის შედეგად დახრჩობა სცადა, ამ ფაქტის დროს კაპილარების ჩაწყვეტა, პირიდან დუჟის გადმოდინება, სისხლის ღებინება და მსგავსი საშინელი შედეგი გამოიწვია ამ დანაშაულმა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს მალავდა როგორც ოჯახი, ასევე მოკლული, დაზარალებული. სამწუხაროდ, აღნიშნულმა ამ მძიმე შედეგამდე მოგვიყვანა”, – განაცხადა სონიძემ.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ჩადენილი დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

ქეთევან სონიძის თქმით, ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლებელი იყო მიმალულიყო. ასევე, მტკიცებულებებსა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც არსებობდა, ვიანიდან ის მოკლულის ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის, ცოლის ძმასთანაც დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

“ბრალდებულმა მიზანმიმართულად, 5-ჯერ გაისროლა მსხვერპლების მისამართით და მის მიერ ნასროლი ტყვია შესაძლებელი იყო, მის შვილს, 6 თვის თორნიკე ფირაშვილს მოხვედროდა, ის გადარჩა არა ბრალდებულის გადაწყვეტილებით, არამედ ბედნიერი შემთხვევითობით”, – განაცხადა სონიძემ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დანიშნავს. სონიძის თქმით, ფირაშვილი მარიხუანას მოიხმარდა, რაც მის ხასიათში ცვლილებას იწვევდა.

თავის ხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებულს უჭირს, ახსნა მოუძებნოს მომხდარს. ადვოკატის განმარტებით, ის პატიმრობის შუამდგომლობას ეთანხმება, ვინაიდან ეს პატიმრის სურვილია.

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Cesko