თინა ხიდაშელი: მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება იქნება

May 10, 22:10
0
175

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება იქნება – ჩემი მთავარი საწუხარი ის არის, აქედან 26 ოქტომბრამდე როგორ მივალთ, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის” ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს სჭირდება, მესამე მოსმენისას ვერ მოხდება და ცვლილებებისთვის საჭიროა კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს.

გარდა ამისა, მან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სანქციები არა ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ კონკრეტულ თანამდებობის პირებს პერსონალურად შეეხებათ.

„სამწუხაროდ, ბევრი რამ, რაზეც აქამდე ვიტყოდით, რომ რთული წარმოსადგენია, დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. მე მოლოდინი მაქვს, რომ დასავლეთისგან პირველი ეტაპის სანქციები პერსონალური იქნება და არა იმ ტიპის რომელიც მოსახლეობას, ვინც დღეს ამერიკული პროგრამებით სარგებლობს, შეეხება. იცით, რომ USAID უამრავ პროგრამას აფინანსებს, სოფლის მეურნეობით დაწყებული, განათლებით დამთავრებული. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ტიპის დახმარება გაჩერდეს, თუმცა კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ ინდივიდუალურ სანქციებს ველი. ასევე, მგონია, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული სანქციები იქნება. მაგალითად, დასანქცირებულ პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აეკრძალებათ.

რაც შეეხება კანონპროექტს, ცვლილებები, რომელიც მას სჭირდება, მესამე მოსმენით ვერ მოხდება. სათაური უნდა შეიცვალოს პირველ რიგში და შემდეგ შინაარსი და ამისთვის საჭიროა, ის უკან, მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება იქნება. როდესაც ამ სურათს ცოტათი დროში გაწელილად ვუყურებ, მშვიდად ვარ და აბსოლუტურად შემართული იმისთვის, რომ ეს გამარჯვება, რომელიც უკვე შემდგარია, ქაღალდზეც გადავიტანოთ. ჩემი მთავარი საწუხარი ის არის, აქედან 26 ოქტომბრამდე როგორ მივალთ. სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის წევრი იარაღს გიტრიალებს, ფოტოებს გვიდებს და ვიღაცებს შვილების მოკვლით ემუქრება, ძალიან რთულია. „ქართული ოცნება” კუდის მოქნევის პროცესში ძალიან ბევრ სისასტიკეს ჩაიდენს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როგორ მშიშარა ხალხთან გვაქვს საქმე. ჩვენ რომ ვერ გვიმკლავდებიან, ჩვენს შვილებსა და მშობლებს დაუკავშირდნენ, რომ როგორმე ტერორის განცდა შექმნან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Cesko