„ამ ბავშვის კლასელებს შველა სჭირდებათ დროულად. მასწავლებლებს და მშობლებს არა მგონია აწი ეშველოთ რამე!“ – რას წერს იურისტი სულისშემძვრელ ამბავზე?

0
148
73 Views

იურიდიული დახმარების ქუთაისის ბიუროს უფროსი გელა სიორდია გამოეხმაურა ვიდეოს, სადაც 10 წლის ლიზი ამბობს, რომ კლასელებმა ტორტი არ აჭამეს, რადგან ფული არ ჰქონდა მიტანილი:

„პატარა გოგონას ვიდეოს შეგნებულად არ ვაზიარებ. ალბათ ბევრმა ნახეთ უკვე ისედაც, კლასელის დაბადების დღეზე ტორტი არ მაჭამესო, ვინაიდან ფული არ მქონდა დადებულიო! არ ვიცი, მე მგონი, ამ ბავშვის კლასელებს შველა სჭირდებათ დროულად. მასწავლებლებს და მშობლებს არა მგონია აწი ეშველოთ რამე!

ისე, სკოლებში ეს საკითხი სერიოზული პრობლემაა, დაბალ კლასებშიც კი უბრალო ექსკურსიები 500-600 ლარი ჯდება, ხშირად ამხელა თანხა არ აქვთ მშობლებს და ან ვალის აღება უწევთ ან შვილების გაწირვა ბულინგისთვის. დამამთავრებელ კლასებში საერთოდ საქართველოში არ კადრულობენ ბოლო წლებში აღნიშვნას და ხან დუბაიში დადიან და ხან კვიპროსზე და სტამბულში. რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ვერ ახერხებს ასეთ ,,ღონისძიებაში” მონაწილეობას და მე ის მაინტერესებს ამ ბავშვების მშობლები რა მაგალითს აძლევენ საკუთარ შვილებს – მერე რა მოხდა მთელი კლასი თუ ვერ წახვალთ, მთავარია შენ გაერთოო?!

ძვირფასო მასწავლებლებო და ძვირფასო მშობლებო, კარგი იქნება თუ ჩვენს შვილებს სხვა რამეებთან ერთად ზომიერებას და ემპათიურობას თუ ვასწავლით, თორემ ამათ გარეშე სხვა ყველა ცოდნა აზრს კარგავს”, – დაწერა გელა სიორდიამ.

Cesko