ბოლო ვადა 15 აპრილია… – მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

0
129
20 Views

2024 წლის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც მოტორული, სმენითი, მხედველობითი და სხვა, რაიმე სახის ფუნქციონალური დარღვევა აქვთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას შესაბამისი, სპეციალური ველის მონიშვნის გარდა, გამოცდების ცენტრში ექიმის ცნობის წარდგენის ვალდებულებაც აქვთ და ამისთვის ბოლო ვადა 15 აპრილია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს: “რაიმე სახის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში (მოტორული, სმენითი, მხედველობითი და სხვ.), თუ აპლიკანტს სურს გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმნა, მან რეგისტრაციისას უნდა მონიშნოს სპეციალური ველი. ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს 2024 წლის 15 აპრილის 18:00 საათამდე; აღნიშნული თარიღის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის შემთხვევაში, აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით”.

ხოლო თუ ასეთი ვითარება აბიტურიენტს 15 აპრილის შემდგომ წარმოექმნება, 15 აპრილის შემდეგ ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტმა ან უფლებამოსილმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს გამოცდის წინა დღისა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე განმარტავს, რომ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა.

“გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში აბიტურიენტის დაკავების/დაპატიმრების შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტის გამოცდაზე დასაშვებად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება”, – ვკითხულობთ 2024 წლის აბიტურიენტებისთვის მომზადებულ ცნობარში.

Cesko