წინასაახალწლო პერიოდია და სკოლებსა თუ ბაღებში სადღესასწაულო განყობის შექმნას მეტ-ნაკლებად ყველა ცდილობს. ბოლო დროს უფროსებთან ერთად, უკვე პატარებმაც დაიწყეს “სეკრეტ სანტას“ თამაში. სწორედ ამ თემაზე დაწერა ერთ-ერთმა მშობელმა თავისი წერილი, რომელიც mshoblebi.ge-მ ანონიმურობის დაცვით გამოაქვეყნა:
„ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობს. მე-5 კლასის მოსწავლეა. წელს მასწავლებლის ინიციატივით მოსწავლეებს შესთავაზეს ეთამაშათ „სეკრეტ სანტა“, ბავშვებსაც გაუხარდათ ეს ამბავი და მეც, როგორც მშობელმა, უარი არ ვუთხარი შვილს, რომ ეთამაშა ან რატომ უნდა მეთქვა უარი. ისე კი ვფიქრობდი, რომ ეს თამაში გულისწყვეტას გამოიწვევდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ საჩუქრები ზოგს შეხვდა ზოგს – არა. ზოგსაც არ მოეწონა, რადგან სსხვა თანაკლასელს უფრო ძვირადღირებული და ლამაზი მოუტანა „სეკრეტ სანტამ“, ზოგს კი უბრალოდ, მშობლისთვის თქმა და საჩუქრის მოტანა დაავიწყდა.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მშობლების ნაწილმა არ ჩათვალა საჭიროდ ბავშვისთვის საჩუქარი გაეყოლებინათ ან არ არის გამორიცხული, არ ჰქონდათ საშუალება და ამიტომ ვერ მოახერხეს. ჩემი გოგონაც საჩუქრის გარეშე დარჩა. ცხადია, გული დაწყდა არაფერი რომ არ შეხვდა, ერთმა საერთოდაც ძირს დააგდო საჩუქარი, მე ეს არ მჭირდებაო… აქ აღზრდის პრობლემასთან გვაქვს საქმე…
ვფიქრობ, სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ სანტა“ არ უნდა ათამაშონ, რადგან ყოველთვის იქნება გულისწყვეტა, უფროსებისგან განსხვავებით ბავშვები ემოციებს ვერ თოკავენ და თანაკლასელებზე ბრაზდებიან. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და ბუნებრივია, თავს არავის ვახვევევ” – წერს მშობელი.