Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 თვით ადრე 7 საკვანძო შტატიდან 5-ში დონალდ ტრამპი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უსწრებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკა მოსახლეობაში არაპოპულარულია.
როგორც გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს, ტრამპს მხარს უჭერს რესპონდენტთა 47%, ბაიდენს კი 43%, ე.წ. მერყევ შტატებში, სადაც არც დემოკრატიულ და არც რესპუბლიკურ პარტიას მყარი მხარდაჭერა არ აქვს და არჩევნებს ხან რესპუბლიკელები, ხან კი დემოკრატები იგებენ. ასეთი შტატებია არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.
კვლევის შედეგების თანახმად, „მერყევი შტატებიდან“ ბაიდენი ტრამპს რეიტინგით მხოლოდ ნევადაში უსწრებს, მიჩიგანში მათ შორის სრული პარიტეტია, ხოლო დანარჩენ ხუთ შტატში უპირატესობა ტრამპის მხარესაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატს ეროვნულ დონეზე პრაქტიკულად ერთნაირი მხარდაჭერა აქვს, ე.წ. მერყევ შტატებში დაფიქსირებულ შედეგებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“, – წერს გამოცემა.