ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა კიდევ ერთხელ დააანონსა. ღაზის სექტორთან, საზღვარზე სამხედროებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის ბრძანება მალე გაიცემა.
„იმის პატიება, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა, შეუძლებელია. ამაზე პასუხი კი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“, ასევე, მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ჯგუფების, აგრეთვე ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა. ამას კვირა დასჭირდება თუ თვე, არ ვიცი, გაგრძელდება „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ივარჯიშეთ, სანამ არის დრო. მოემზადეთ, სანამ ბრძანება იქნება. ახლა ღაზას შორიდან ხედავთ, გპირდებით, მალე შიგნიდან ნახავთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.