მარადიულ პრინცად დარჩენილი მსახიობი ლევან აბაშიძეა, მისი და მიკაელა სტრიმბეანის განთქმული სასიყვარულო ისტორია დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გამორჩეული ნიჭისა თუ სილამაზის წყალობით, არ გასჭირვებია გულშემატკივრების არმიის გაჩენა. მისი გულის მონადირებას არაერთი გოგონა ცდილობდა, ბევრი სასიყვარულო ისტორიის მიუხედავად კი, ცხოვრების მეგზურად მოლდოველი მსახიობი მიკაელა სტრიმბეანუ აირჩია. 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოსაც კი შეადარა.
მიეკაელას შემოქმედებას მოლდოვაში კარგად იცნობენ, არაერთი როლი აქვს ნათამაშები სხვადასხვა სპექტაკლსა თუ ფილმში, ის მოლდოვის სახალხო არტისტია. საქართველოში კი ის სულ სხვა ისტორიით გაიცნეს – ის ხომ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, ლევან აბაშიძეს უყვარდა. წყვილმა ერთმანეთუ საქართველოში, „ქართულ ფილმთან“ გაიცნეს. მიკა გადაღებიდან გამოვიდა და ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს მსახიობმა თემო გვალიამ მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. მანქანაში ღამის გადაღებიდან მომავალი მეთევზის ფორმაში გამოწყობილი ლევანი იჯდა. „არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.“
რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და, რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ერთად 4 წელი გაატარეს.
მიკა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სამშობლოში ბრუნდებოდა, რათა მის მიერ თბილისში გავლილი კურსი იქ ჩაეთვალათ. ერთ-ერთი ასეთი გაცილების დროს, როცა ლევანმა მიკას აეროპორტში ყვავილებით მიაკითხა, დამშვიდობებისას მიკამ, რატომღაც, ტირილი დაიწყო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, ლევანი ვერ მიხვდა მიზეზს, უთხრა, მალე ისევ ერთად იქნებოდნენ და როცა მიკა დაბრუნდებოდა, ლევანი კვლავ აეროპორტში დახვდებოდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ლევანი აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა. ერთადერთი რასაც ნანობს, შვილის არგაჩენაა. ამბობს, რომ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა: „ძალიან ვნანობ, რომ ლევანისგან შვილი არ გავაჩინე. მქონდა ამის შესაძლებლობა, ლევანისგან ორსულად დავრჩი, მალევე, როცა გავიცანი. მაშინ დავსხედით მე, ლევანი და დედამისი და ასეთი ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ დაგვეტოვებინა ბავშვი. თუ ბავშვს გავაჩენდი, მაშინ სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა, მე კი 4 წლით ჩემებთან უნდა დავრჩენილიყავი. ბავშვის ყოლა სამომავლოდ გადავდეთ, შემდეგ კი ომი დაიწყო და, სამწუხაროდ, ლევანი გარდაიცვალა.”
„ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს. ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა.”
საქართველოში აღარ გაჩერებულა, ახლა მხოლოდ ლევანის დაბადების და გარდაცვალების დღეს ჩამოდის. განსხვავებით ძველი დროისგან, ახლა, სამწუხაროდ, მას აეროპორტში ყვავილებით ხელში აღარავინ ელოდება…
“ლევან, ძალიან ვამაყობ შენით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. შენ გთხოვ, არ იდარდო, რომ აქ მარტო დამტოვე, იმიტომ რომ შენ მასწავლე, როგორ უნდა ვიყო ძალიან ძლიერი ადამიანი და იქ რომ მოვალ, აუცილებლად გიპოვნი, იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არ კვდება,” – სწორედ ამ სიტყვებით დასრულა ერთ-ერთი ინტერვიუ მიეკაელამ.
წყარო: “მარაო ჯი”
სხვა ახალი ამბები:
აღმოჩენილია იმუნური უჯრედები, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა კიბოს ანადგურებს