ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება – ხელისუფლება მის შესაკავებლად სპეციალურ ზომებს იღებს

September 14, 13:56
0
200
სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში „ნიპაჰ“ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სპეციალურ ზომებს იღებენ, მას შემდეგ, რაც მან 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კერალაში დაიხურა სკოლები და ვირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ CNN წერს. ჯერჯერობით, ინდოეთის ამ შტატში 700-ზე მეტი ადამიანის ინფიცირება დაფიქსირდა, მათგან 77 „მაღალი რისკის” ინფიცირებულად ითვლება. კერალას მთავარმა მინისტრმა პინარაი ვიჯაიანმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელების კერა კერალას შტატის ქალაქ კოჟიკოდეს რაიონია. ის მოსახლეობას ჯანდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ სიტუაციას”, – წერს ვიჯაიანი სოციალურ ქსელში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, „ნიპაჰ“ არის ზოონოზური ვირუსი, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის, თუმცა, ის ასევე დაბინძურებული საკვებით, ან უშუალოდ ადამიანებს შორის ურთიერთობისასაც შეიძლება გავრცელდეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, სიმპტომები ხშირად თავის ტკივილით და ძილიანობით იწყება, მაგრამ რამდენიმე დღეში სწრაფად გადაიზრდება კომაში. მისი ვაქცინა არ არსებობს, მკურნალობა კი დამხმარე ზრუნვით შემოიფარგლება. ცნობისთვის, კერალაში „ნიპაჰ“ ვირუსი აქამდეც გავრცელებულა. 2018 წელს იქ ამ ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
Cesko