გილოცავთ, 25 აგვისტო აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთების დღეა!- ლევან ჩაჩუა

August 24, 15:17
0
352

გილოცავთ,
25 აგვისტო აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთების დღეა!

1875 წელს ოსმალეთის მძიმე უღლის გადასაგდებად ბალკანეთში აჯანყება დაიწყო, რომლის ჩასახშობად თურქებმა უსასტიკეს სადამსჯელო ზომებს მიმართეს. ერთმორწმუნე სერბებს რუსეთის იმპერიამ თანადგომის ხელი გაუწოდა და 1877 წლის 24 აპრილს თურქეთს ომი გამოუცხადა. საბრძოლო ოპერაციები გაჩაღდა ბალკანეთის და კავკასია-ანატოლიის ფრონტებზე.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედასამშობლოსაკენ მოისწრაფვოდა.
თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში (ტაო-კლარჯეთი) ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაჩაღდა ანტითურქული აჯანყებები.
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა რაზმების ჩამოყალიბება.. რუსეთის ჯარმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეტევა ამ მიმართულებით განახორციელა.
ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდან მიმდინარებოდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი გენერალმა ალხაზიშვილმა დაამარცხა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარებოდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსები კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. ამიტომ, 1877 წლის 3 მარტს დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ მეომარ მხარეებს შორის სან-სტეფანოში გაფორმებულიყო საზავო ხელშეკრულება.
ევროპული სახელმწიფოების ზეწოლით სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება ზოგიერთი ცვლილებით (ძირითადად საქართველოს საზიანოდ) დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. “ბერლინის ტრაქტატით” ევროპულმა სახელმწიფოებმა ომის დროს თურქებისგან გამოხსნილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებიდან რუსეთის მფლობელობაში მხოლოდ ბათუმი, ყარსი, და არდაგანი აღიარეს.
მართალია, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც ოსმალეთს დარჩა. ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა. ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღელისაგან აჭარის გათავისუფლებას. იაკობ გოგებაშვილი გაზ. “დროებაში” სიხარულით წერდა: „ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავი ბედისა, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა”.
ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ ძმებსა და დებს მიშველებოდა. თბილისსა და სხვა ქალაქებში გროვდებოდა დიდძალი შეწირულობანი. გახარებული ილია ჭავჭავაძე “ივერიის” ფურცლებიდან მოუწოდებდა ქართველობას: – “აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძს: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!” ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.
გამოყენებული მასალა: „საქართველოს ისტორია”, გამომცემლობა “თბილისი”, 1992 წ;
საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში ტომი III

ლევან ჩაჩუა, ორგანიზაცია “ქართული იდეა”-ს ხელმძღვანელი; სოციალური ქსელი

Cesko