რა ღირს თხილი გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში – გურული ფერმერები დაბალ ფასზე ჩივიან

0
885
37 Views

„ორ ლარზე დავიდა 1 კგ თხილის ფასი გურიაში. თავიდან, როცა მიღება დაიწყეს კარგი თხილი 2,80 ლარი ღირდა [მეგრული ჯიშის თხილი რომაა], შერეული კი 2,60 ლარი. ახლა, ფერისცვალების დღესასწაულის წინ დავარდა ფასი,“ –  ოზურგეთელი ირმა გორდელაძე გურიაში თხილის დაბალ ფასზე საუბრობს.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს 1 კგ პრემიუმ ხარისხის თხილი 6-7 ლარი უნდა ღირდეს, კარგი ხარისხის თხილი კი 4-5 ლარი.

თუმცა გურიაში ამბობენ, დაანონსებული ფასები მათზე არ ვრცელდება. ამის გამო კი მოსახლეობას პროტესტი აქვს.

„აქვე, აჭარაში, სოფელ გვარაში 4 ლარი ღირს თხილი. სამეგრელოს დავუკავშირდი, იქ ტეხენ თხილს და ერთ ჯანსაღ გულში იხდიან 45 თეთრს. ყველაზე სავალალო მდგომარეობა არის ოზურგეთში. მე ამას წლებია ვაბრალებ „თხილის მაფიას“, რომელიც არის ოზურგეთში. უზარმაზარი თხილის სატეხებია გახსნილი. ამ თხილს იღებენ, ტეხენ და გულს ძვირად ყიდიან – 14, 15, 16 დოლარად. ამ დროს მოსახლეობას ერთ დოლარსაც კი არ აძლევენ. ეჭვი გვაქვს, რომ სპეციალურად აგდებენ ფასს,“ – ამბობს ირმა გორდელაძე.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუა გურულებს მოუწოდებს ცოტახანს თავი შეიკავონ თხილის გაყიდვისგან.

„ნუ გაყიდიან, ჩვენი თხოვნაა არ გაყიდონ ახლა. გააშრონ და მერე გაყიდონ. ჯერ არ არის გაყიდვის სეზონი, ტენიანობაც მაღალი აქვს ახლა თხილს, შეიძლება გაუფუჭდეთ. ან ვინც იყიდის იმას გაუფუჭდეს. რისკებია მაღალია. სჯობს გააშრონ.

ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო საშრობი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდანაც არაა შორი. გურია-აჭარაში არ იყო აქამდე საშრობი, არც ტრადიცია იყო შრობის. დღეს არის და უნდა გამოვიყენოთ ეს აუცილებლად.

მოსავალს რომ ავიღებთ, ამას ჭირდება აუცილებლად შრობა. არასწორი შრობის შედეგად გურიასა და აჭარაში ფუჭდებოდა თხილის ხარისხი. ჩვენი ასოციაცია მზადაა უფასოდ მოემსახუროს  იმ ფერმერებს, ვინც ისარგებლა სუბსიდიით, ვინც კარგად მოუარა თხილს. შრობის და დასაწყობების თანხას არ გადავახდევინებთ წელს. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,“ – გვეუბნება გიორგი თოდუა.

შეუძლია თუ არა გურიაში მცხოვრებ გლეხს შეინახოს თხილი და მოგვიანებით, როცა ფასი აიწევს, მერე გაყიდოს, ვკითხეთ ირმა გორდელაძეს.

მისი თქმით, იმის გამო რომ გურიაში აგვისტოს ბოლოს გლეხების უმეტესობა თხილზე და მისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თხილის შენახვის ფუფუნება არ აქვთ.

„წლებია ვაკვირდები, თხილზე ფასი ყველა დღესასწაულის ან მნიშვნელოვანი ამბის წინ ეცემა. ეს ხდება ფერისცვალებას, მარიამობას და სწავლის დაწყების წინ. ამ დროს მოსახლეობა, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, იძულებულია გაყიდოს თხილი და იმ თანხით ოჯახში რამე იყიდოს,“ – გვისხნის ირმა გორდელაძე.

მისი თქმით უსამართლობაა თხილზე დაბალი ფასი მხოლოდ ერთ რეგიონში.

ამასთან მოსახლეობას არ აქვს საშუალება თხილი ჩასაბარებლად სხვა რეგიონში წაიღოს, რადგან ამას ტრანსპორტირება და ფინანსები ჭირდება. ამის გამო იძულებულები ხდებიან მთელი წლის ნამუშევარი დაბალ ფასში გაყიდონ.

რა ღირს თხილი სამეგრელოსა და აჭარაში

„ამჟამად მიმდინარეობს მოსავლის აღება. დაბინავებულია მოსავლის 25-30 %, რაღაცა ნაწილი კი იყიდება, მაგრამ ჯერ მშრალი არაა თხილი. ახლა 4 ლარამდე მერყეობს ფასი, მაგრამ თვის ბოლოსკენ მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხიანი თხილის ფასი მოიმატებს და შესაძლოა 6-7 ლარი ღირდეს, ოღონდ ხარისხიანი,“- ამბობს „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუა.

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად წელს 1 კილოგრამი თხილის ფასი ასე განისაზღვრა.

  • მოუვლელი და შეუწამლავი 1 კგ თხილი 3,50 ლარიდან დან 4 ლარამდე ღირს;
  • კარგი ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 4 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს;
  • პრემიუმ ხარისხის 1 კგ თხილის ფასი კი 6-7 ლარია.

„ასეთი ფასები ფიქსირდება დღეს. ყველა რეგიონში დაახლოებით ასეა. თუმცა პირველი დღეებია და თვის ბოლომდე ფასში რაღაც ცვლილებას ველოდებით,“ – გვითხრა გიორგი თოდუამ.

ის რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს, რომ რაც შეიძლება მალე მოკრიფონ თხილი და გააშრონ. ან სპეციალურ საშრობებში ან სახლში, ჩრდილში.

გიორგი თოდუა საუბრობს ქუჩაში გახსნილ მიმღებ პუნქტებზე, რომლებიც თხილს დაბალ ფასად იბარებენ და მოსახლეობას ურჩევს თხილი ქარხნებს ან საშრობებს ჩააბარონ.

„ახლა თხილი არის ტენიანი. ქუჩაში ვინც იღებს თხილს, ისინი დაბალ ფასში იბარებენ, რადგან არ იციან შრობის შემდეგ რა იქნება და თავს იზღვევენ. თავიდან რომ ჩანს რომ კარგია, შრობის მერე შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს.

ქუჩაში თხილის ჩაბარება არაა რეკომენდირებული. მიმართონ საშრობებს და მიმართონ პირდაპირ ქარხნებს, ქუჩაში კაცი რომ დგას, მზეზე მთელი დღე ის ბუნებრივია მაქსიმალურ მოგებაზეა ორიენტირებული. უამრავი საწარმოა, საშრობებია, მიმართონ, გააშრონ და გაყიდონ,“ – ამბობს გიორგი თოდუა.

მისი თქმით, ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, რომელსაც  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აწარმოებს, ფერმერები, რომლებიც სარგებლობენ სუბსიდიით და 5-6-ჯერ მაინც ჩაატარეს წამლობა თხილის ბაღებში, კარგ მოსავალს იღებენ. მათი თხილი პრემიუმ ხარისხისაა და მაღალ ფასად იყიდება.

Cesko