შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
როგორც ჩალაძის ახლობელი წერს, ის სტიქიის დროს კოტეჯების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მეწყერში მოყვა. მისი ინფორმაციით, ცხედარი როგორც მეუღლემ, ასევე გარდაცვლილის ძმებმა ამოიცნეს. პროცედურის გათვალისწინებით დაინიშნა დნმ ექსპერტიზაც.
“ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება…
წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000 მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)” – წერია ინფორმაციაში.