“ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. პირდაპირ სამეზობლო პოლიტიკაში ერევიან…”- რას აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე

August 12, 11:17
0
2350

ამერიკის საელჩოს ეთნიკური ქართველების სამშობლოში დაბრუნება საფრთხედ მიაჩნია

გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმიტრი, ახლახან, ზახაროვამ ბათუმის პორტში გამართულ აქციას დასავლეთიდან მართული უწოდა. როცა ქვეყანაში უცხოელი შემოდის, იგი წესით, სახელმწიფოს სრული დაცვის ქვეშ იმყოფება…

_ დიდი მადლობა, ამ შეკითხვისთვის. შვიდი საათით პორტში შემოსულ გემზე მყოფი რუსი ტურისტების წინააღმდეგ ბრუტალური მეთოდები გამოიყენეს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ანგარიშსწორების სახით. ამ პროფაშისტური ქმედების მხარდამჭერ აშშ-ის საელჩოსთან ერთად არიან გამხმოვანებლები, ანუ მედიატერარიუმი _ “ტვ-პირველი”, “მთავარი” და “ფორმულა”. შემსრულებლები კი გეიპოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული აქტივისტები, რომლებიც საზოგადოებას ტურისტების მიმართ ანგარიშსწორებისკენ ღიად მოუწოდებენ. არადა, მათი წვლილი ჩვენი ბიუჯეტის შევსებაში საკმაოდ დიდია. მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ტურისტების მომსახურების შედეგად, ქვეყანამ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი მიიღო, რაც სერიოზული შემოსავალია. აღნიშნულ საკითხს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების კლასიკური დისპოზიციაა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება. შსს-მ და პროკურატურამ ამ მასობრივ კამპანიას დაუყოვნებლივ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ. თუ ამ საკითხზე რეაგირება არ მოხდა, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე, ამას მსხვერპლი მოჰყვება. ეს კი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება და ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა. ამის პრევენცია მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
აშშ-ის საელჩო ბრალად გვიყენებს, რომ რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლა გახშირდა და ეს მაშინ, როდესაც ბოლო ათი წლის განმავლობაში აჭარაში თურქული ექსპანსია განისაზღვრება 4-5 მილიარდი დოლარით; გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მას უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა, მხოლოდ ერთ თვეში 2350 თურქი ეროვნების პირს, საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობა მიანიჭა. ეს “ტრადიცია” შემდგომ მარგველაშვილმა განაგრძო. მაგრამ როცა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაიწყო და ჩვენს თანამემამულეებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა დასჭირდათ, მათ უარი მიიღეს. მაგალითად, მოსკოვის კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ნანა შამათავა, დეკლალირებული მილიონერი, რომელიც სოხუმში დაიბადა, პრეზიდენტს მესამედ სთხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. მას ორჯერ უკვე უარი ეთქვა. არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა უთხრა უარი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს მოქალაქეობის მინიჭებაზე. სისტემა ეთნიკური ქართველის განსაზღვრების წინააღმდეგია. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რისთვისაც ბრძოლა ღირს. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მკვიდრ, ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარს ეუბნება. კელი დეგნანის სახით არსებობენ ძალები, რომლებიც ეთნიკური ქართველების სამშობლოში დაბრუნებას საფრთხედ მიიჩნევენ. დიახ, რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველის უკან დაბრუნებას ისინი პოლიტიკურ კატასტროფად განიხილავენ, რამაც ელექტორალურ დონეზე მათ შეიძლება პრობლემები შეუქმნას, რაც არსებით გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე. ყველაზე დიდი ეთნიკური საბადო სწორედ რუსეთის ფედერაციაში გაგვაჩნია. დასავლეთს მიაჩნია, რომ ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყანაში სასურველ პოლიტიკურ კლიმატს, ლანდშაფტს ვეღარ შექმნიან.
კონსერვატიულ ძალებთან ერთად საკონსულტაციო საბჭო უნდა შეიქმნას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, რომლის დაკომპლექტების საკითხში განსაკუთრებული წვლილი და როლი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელს ეკა გიგაურს მიუძღვის. ნუ გაგიკვირდებათ. დიახ, იუსტიციის სამინისტროში არსებული ამ ქვედანაყოფის მუშაობა, თავად სამინისტროს პოლიტიკიდან არ გამომდინარეობს. ანუ, იუსტიციის მინისტრს ამ საკითხის მიმართ როგორი ეროვნული განწყობაც არ უნდა ჰქონდეს, ეს სფერო მთლიანად აშშ-ის საელჩოს კონტროლის ქვეშაა. საელჩოდან კოორდინირებულად “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და სხვა არასამთავრობოები, კომისიაზე კონტროლს აწესებენ. ეს “საერთო გაზეთის” მკითხველისთვის სიურპრიზი იქნება, მაგრამ ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო. ჩვენ გვგონია, რომ ფორმალური სუვერენიტეტი გაგვაჩნია, სინამდვილეში, კელი დეგნანის “ავტორიტეტი” სასამართლოშიც “მუშაობს”. გვახსოვს, როგორ მიავლინა მან ერთ-ერთი დიპლომატი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან შესახვედრად. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოსამართლეს კანონდარღვევით შეხვდა. ალბათ იკითხავთ, სად? _ ეს კიდევ ცალკე გამოძიების საგანია. აღმოჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში ცალკე გამოყოფილი, მუდმივად ჩაკეტილი კაბინეტი არსებობს, რათა მისი “მაღალაღმატებულება”, ამერიკის ელჩი როცა მოისურვებს, მოსამართლეს შეხვდეს და მას დარიგება, მითითება, თუ დირექტივა მისცეს. ეს ოთახი მუდმივად მის განკარგულებაშია. დიახ, ესეც, ალბათ, სიურპრიზია “საერთო გაზეთის” მკითხველისთვის, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რა ძლიერი კაბალის ქვეშ იმყოფება ჩვენი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, თავი დაიცვას იმ უხეში ჩარევისგან, რამაც შეიძლება, ახალ ომამდე მიგვიყვანოს.
მეორე ფრონტის გახსნა რეალურია. გარედან ქვეყანაზე ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდება. შემთხვევითი როდია, ივანიშვილს მრავალი ასეული მილიონი რომ დაუყადაღეს. მან პროცესი მოიგო, თანხა ყადაღისგან გათავისუფლდა, მაგრამ ახლა აღსრულების პრობლემაა. ეს წინასწარ გათვლილი გეგმა იყო. ქვეყანა უდიდესი გამოცდის წინაშეა, საზოგადოებას ხმა უნდა მივაწვდინოთ. დიდი მადლობა “საერთო გაზეთს”, რომ სწორედ ამ მართლმკვეთელი სიტყვის საზოგადოებამდე მიტანაში, მისთვის რეალური სურათის წარმოჩენაში გვეხმარება. სხვა საშუალება, მეთოდი არ არსებობს.
ჩვენ ცხოვრება ძალიან ტურბულენტურ გარემოში გვიწევს, რეგიონი ომშია ჩაფლული. ომის ნაპერწკლის გადმოდება, შეიძლება მარტივად მოხდეს. გლობალურ დასავლეთს ერთი სული აქვს, კავკასიაში ცეცხლი დაანთოს. ყარაბაღის გარშემო თითქოს ვითარება დამშვიდდა, მაგრამ თუკი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწევენ, პირველ რიგში, შეეცდებიან, ესკალაცია, დაძაბულობის კერა ამიერკავკასიაში შექმნან. ამ შემთხვევაში, სათადარიგო როლის ფუნქციას ვითომ ჩამქრალი ყარაბაღის კონფლიქტი შეასრულებს, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ ჩვენ ურთულეს პროცესში ვიმყოფებით.

_ ოპონენტები ამბობენ, როგორ შეიძლება ქვეყანას ორი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდესო…

_ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ეს პოზიტივია. საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა იყო. საქართველო ჩინეთთან ეკონომიკური პრეფერენციებით სარგებლობდა. დღეს ეს ახალ ნიშნულზე გადავიდა და სტრატეგიული ურთიერთობების სტატუსი მიენიჭა, რაც სამხედრო-პოლიტიკურ კომპონენტში თანამშრომლობის უმაღლესი შესაძლებლობაა. დიახ, ჩვენ უკვე გვყავს ერთი “სტრატეგიული პარტნიორი” _ აშშ, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. სააკაშვილმა ამ მოვლენას გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს დეფაქტო გამოსვლა უწოდა. შედეგად რა მივიღეთ? _ არცერთი პირდაპირი ინვესტიცია, გარდა “ეი-ეს-თელასისა”, რომელიც რამდენიმე წელიწადში რუსულმა კომპანიამ იყიდა.
საქართველომ აშშ-ისგან სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო?! _ მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპონენტში, რომ საქართველო პოლიგონი გამხდარიყო და არა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. აშშ-ს შეეძლო თუნდაც სტუდენტებისთვის პროფესიული, აკადემიური წრეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაეშვა. ამერიკის მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია საქართველოში შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში აქ დარჩენა. საქართველოს მოქალაქემ კი ამისთვის 600-ლარამდე თანხა უნდა გადაიხადოს და თანაც ყოველი ათი განცხადებიდან ცხრაზე უარი მოდის. ეს როგორი სტრატეგიული ურთიერთობაა?! სააკაშვილის მმართველობის დროს მაია სიდამონიძემ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს გადანახული ქვეყანა უწოდა, რომელიც უნდა გაიხარჯოს. ეს იყო გზავნილი აშშ-ისთვის _ იხმარეთ, გამოიყენეთ, როგორც გენებოთო. გჭირდებათ ტერიტორია _ გამოიყენეთ ბოლომდე, ჩვენ კი ჩვენს მოსახლეობას მოვსპობთ, დავიჭერთ, ამ ქვეყნის მოქალაქეობის სურვილს დავუკარგავთო. განა, ასე არ მოხდა?! ყოველი მესამე მამაკაცი პრობაციონერი იყო. გამამართლებელი განაჩენები მხოლოდ 0, 001%-ს შეადგენდა. აი, რა მივიღეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმების შედეგად! აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ის სოციალური ექსპერიმენტების ლაბორატორიად ექცია, ახალი ქართველი გამოეყვანა. ეს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ. მაგრამ მხოლოდ შეხსენება არ კმარა, საჭიროა მკურნალობის რეცეპტი, ხელისუფლებისგან “რკინის ხელის” პოლიტიკის გატარება, რადგან ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება საქართველოს სამოქალაქო ომად დაუჯდება. დიახ, ეს საქართველოს დაუჯდება საგარეო პოლიტიკის კრახად, დესტაბილიზაციად, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური, საინვესტიციო სტაბილურობის განვითარება არ მოხდება. ხედავთ, რა გააკეთეს? 1-ელი აგვისტოდან მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, საქართველოში შემოსული მეორადი ავტომანქანის რუსეთში გაყვანა იკრძალება. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. პირდაპირ სამეზობლო პოლიტიკაში ერევიან და გეუბნებიან: ფული არ უნდა იშოვო, ოჯახი არ უნდა შეინახო, არ უნდა გქონდეს ღირსება და ჩვენი ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უნდა პასუხობდეს. აი, სადამდე მივედით.

Cesko