არსებობს თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების რისკი?!- რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

0
604
17 Views

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც. სამძებრო ღონისძიებების დროს, მაშველებს დახოცილი მსხვილფეხა საქონელი ამოჰყავთ.

სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“, – გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხდება.

ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილი ტერიტორია დროულად არ გაიწმინდება, სტიქიის ზონაში მოსალოდნელია გარკვეული ეპიდემიოლოგიური პრობლემის შექმნა, თუმცა, მისი თქმით, ისინი მზად არიან, რომ “პრობლემა არ შეიქმნას“.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიას არ აქვს კავშირი იმ წყლებთან, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს:

„ეს პროცესი კონტროლდება და ამ ეტაპზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ საფრთხე ემუქრება იმ წყაროების დაბინძურებას, რომლიდანაც მოსახლეობა იღებს სასმელ წყალს. ჩვენს სამსახურში ინფორმაცია ამის თაობაზე არ შემოსულა. ის ტერიტორია, რომელიც დაიმეწყრა, არ ერევა იმ წყაროებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა გამოიყენებს ხოლმე“, აცხადებს ნონა ბაკურაძე და დასძენს, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ადგილზე მომუშავე მაშველებმა თუ მოხალისეებმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში, დროულად მიმართონ როგორც სტიქიის ზონაში, ისე კლინიკაში მოქმედ ამცრელ პუნქტებს და ჩაიტარონ აცრა, რათა არ დადგნენ მწვავე ინფექციური დაავადებით, ტეტანუსით დაინფიცირების საფრთხის წინაშე.

„ამ ეტაპზე ნაკლებად მოდიან. არა იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ საფრთხეს, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ საქმეს აგრძელებენ და არ უნდათ, რომ დროებით მაინც შეამცირონ დატვირთვა. ორ დღეში ველოდებით გააქტიურებას“.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვეუბნება, რომ დღეს სტიქიის ზონაში ტეტანუსის ვაქცინაციის დროული ჩატარება ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ:

„მიწასთან და ტალახთან კონტაქტის დროს, მაშველები იქნებიან თუ მოხალისეები, ხშირად იზიანებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილს და აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია ტეტანუსის განვითარების რისკი. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი ჭრილობაში ხვდება მიწის ან ტალახის ნაწილი, რისკი, რომ ეს დაავადება განვითარდეს, არსებობს და ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ იქვე არსებულ იმუნიზაციის ცენტრებს, სადაც მათ გაეწევათ პირველადი დახმარება და შემდეგ უკვე განიხილება ვაქცინაციის საკითხი. იქ მომუშავე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღეს ტეტანუსით ინფიცირების რისკები ძალიან გაზრდილია“, – განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტი განმარტავს, რომ იმ დაშავებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ტეტანუსის აცრა უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული, აუცილებლად უნდა მიმართონ ვაქცინაციის ცენტრებს.

რადიო თავისუფლება

Cesko