მწერალი ბელა ალანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,თითქოს დავმუნჯდი, ცრემლი ვერ შევიშრე… დაკარგულ ტერიტორიებს ვჩივით (და სწორადაც), მაგრამ უარესი გვჭირს. შეუფასებელ განძს, საუნჯეს ვკარგავთ, ქათველები ხელიდან გვეცლება.
როგორ შემოგვეჩვია სიკვდილი. საიდან რა გამოვარდება და მიაქვს სიცოცხლე, როგორც ყვავ- ყორნებს მდელოზე მოფენილი წიწილები…
ვაიმე, ჩემო ქართველებო!
ვაიმე, ჩემო შვილებო!
მოვთქვამ და ვგოდებ, უთქმელობაც მკლავს. რაც ამ დღეებმა, რაჭამ განგვაცდევინა, როდის მოშუშდება, არ ვიცი. ეს მერცხალა გოგო-ბიჭები როგორ დააკლდება ჩემი ქვეყნის მომავალს.
ნათელი დაადგება მათ სულებს!
დაცლილია საქართველო ქართველებისგან. რაც აქ ხდება ეროვნული კატასტროფაა. აჭედილი, გამოკეტილი, ჩაბნელებული სახლები… პატრონის მომლოდინედ დგანან და ვაი, რომ ემიგრაციაში წასული ოჯახების ნახევარზე მეტი დაბრუნებაზე არც ფიქრობს. მათი შვილები უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილები იქაურებზე ქორწინდებიან და წყდება ძაფი… როგორც გულთან მისასვლელი მთავარი არტერია, რომელიც უკვე ქართულ სახელმწიფო-სხეულს სისხლით ვერასოდეს მოამარაგებს… აქ დარჩენილი ახალგაზრდების უმეტესობაც საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს, იცლება ერის ინტელექტუალური ნაწილი.
ახალგაზრდები არ ქორწინდებიან ან ძალიან აგვიანებენ, ერთი შვილის ყოლა ჩვეულებრივი გახდა, რადგან უჭირთ ოჯახების რჩენა. არანაირი პირობები არ არსებობს იმისათვის, რომ წახალისებული იყოს ახალგაზრდობა.
სხვა თემაა კიდევ ერის ჯანმრთელობა. რატომ არის ირგვლივ ამდენი სიმსივნით დაავადებული, მათ შორის პატარები?! ვინმე მეტყვის, რატომ არ კონტროლდება საკვები, ჰაერი, სასმელი?! რატომ იზრდება ასე კატასტროფულად ნარკომანთა რიცხვი?! ისე იზრდება, რომ ერის გენოფონდს საფრთხეს უქმნის. ასე ადვილი როგორ გახდა წამლის შეძენა…
რატომ უნდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გაადვილება?! ამ მცირემიწიან ქვეყანაში რატომ არაა მიწა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, როგორცაა ეს ისრაელში?! ვის ვჩუქნით მთებს და ჭალებს, წინაპართა სისხლით გაპოხილებს. სიხარბისგან ვჩეხავთ ტყეს და გაგვაქვს ქვეყნიდან გასაყიდად, რომ გავმდიდრდეთ. და მარტო ტყე? ყველაფერი გაგვაქვს.
დგანან შენობები გამოწყობილები უცხოელებისთვის მისაყიდად, დგანან უქართველო ცათამბჯენები ბათუმში… ტურისტი სამი თვით ვიცი მე და მიხარია მისი სტუმრობა. მაგრამ აქ სულ სხვა ვერაგობასთან გვაქვს საქმე…
SOS საქართველოვ! (ევროპოს ვერც ერთ ქვეყანაში (ესპანეთის გარდა) ვერ შეიძენ კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებას, თუ იმ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. მაშ ჩვენ რატომ დავუშვით სამშობლოს ასეთი განიავება?!) ნუთუ, არ გვეყო ჯიბეების ამოვსება?! ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა?
მეწყერს წაუღია ფული და სხვა სიმდიდრე, თუ ამ ქვეყანაში ქართველი სანთლით საძებარი გახდა! გასკდა გული, მართლა! სიღარიბე და შიმშილიც კი არ გვიკვირს ამ საუკუნეში. გაიხედეთ- გამოიხედეთ! რამდენი ადამიანი ითხოვს მოწყალებას. როგორი გაზრდილია ფასები საკვებზე, წამალზე… და გაზრდილია დაუცველობაც. მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არ არის ოკუპირებული, არამედ მთელი საქართველოა საშველი… კარი ღიაა და მთელი მსოფლიო დაპატიჟებული, ქვეყნიდან წასული ემიგრაციის ადგილს სხვები იკავებენ… იმედია, ჰომოფობად არ გამომაცხადებენ…
ეს ყველაფერი დაგროვდა გულში და ადგილი არ დარჩა ბედნიერებისთვის… აბა, რა უნდა გვიხაროდეს, ქართველობა არ მრავლდება, სიკვდილიანობამ შობადობას გადაუსწრო. რა გველოდება წინ?! რატომ არ ისმის საქართველოს გადამრჩენი დედების ხმა?! რა გვეშველება, თუ უპატრონობა გაგრძელდა?! არ ვიცი, რით გაგახაროთ, როცა ირგვლიც ამდენი ცრემლია და როცა საქართველო დღეს ძაძებშია გამოწყობილი. გვაკმარე, უფალო! გვიშველე, შეგვიწყალე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები… იმედი გვიკვდება, უფალო!” – წერს ბელა ალანია.