ყატარში აშშ-ის და „თალიბანის“ მოლაპარაკება გაიმართა

August 1, 12:22
0
156

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანური რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოლაპარაკება გაიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ორდღიანი მოლაპარაკების დროს თალიბებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის უცხოური აქტივების დაბრუნება მოითხოვეს. აშშ მზად არის გააგრძელოს ქაბულთან მოლაპარაკება ავღანეთის ეკონომიკური სტაბილურობის და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.

აშშ-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ავღანეთში ინფლაციის დაკლება, ასევე ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების რაოდენობის შემცირება. ამასთანავე, ვაშინგტონმა მოუწოდა „თალიბანს“, რომ გააუქმოს გოგოებისთვის საშუალო განათლების მიღებაზე აკრძალვა, უფლება მისცეს ქალებს, რომ პროფესიული საქმიანობით იყვნენ დაკავებულები და გაათავისუფლონ პატიმრობაში მყოფი ამერიკელები.

თალიბები კი მათი მოძრაობის წარმომადგენლებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ ავღანეთს ცენტრალური ბანკის დაყადაღებულ აქტივებს დაუბრუნებენ, ეს ნდობის აღდგენის საკითხში გადამწყვეტი გადაწყვეტილება იქნება. „თალიბანის“ წევრები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ავღანეთს უცხოური დახმარების მიღების და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა ექნება.

დღეს მოქმედი წესის მიხედვით, „თალიბანის“ ლიდერებს საზღვარგარეთ წასასვლელად გაეროს ნებართვა სჭირდებათ. ავღანეთის ცენტრალური ბანკის უცხოური აქტივები – დაახლოებით 7 მლრდ დოლარი, ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკშია დაყადაღებული.

Cesko