ქართველი სერიული მკვლელები შესახებ, ჯერ კიდევ, 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან ხდება ცნობილი.
„მოსგაზი“
ამ სიის სათავეში, პირველი, მეტსახელად, „მოსგაზი“ იგივე ვლადიმერ იონესიანია.
იონესიანი დაიბადა თბილისში 1937 წელს. იგი 17 წლის იყო, როცა ძარცვისთვის დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მან სერიული მკვლელობები 1963 წლიდან დაიწყო. მისი ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 11 წლის იყო. იონესიანმა 5 ადამიანი მოკლა, მისი მთავარი იარაღი ნაჯახი იყო. სერიული მკვლელი 1964 წლის 31 იანვარს დახვრიტეს, მის საყვარელს კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვენერა ობოლაშვილი
ვენერა ობოლაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
ვენერა ობოლაშვილი 2009 წელს 15 დეკემბერს 79 წლის მარია არზამასევას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი არზამასოვას კუთვნილ ბინაში, მარტოხელა ქალთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიების მასალებში ობოლაშვილი აცხადებდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, 2 თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20 000 დოლარად გაყიდა და თანხა მიისაკუთრა.
გარდა ამისა მან კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა. ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანებს ეცნობოდა, მათი ნდობის მოპოვებას ახერხებდა, ითვისებდა მათ ქონებას და შემდეგ კლავდა. ობოლაშვილმა აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ 1984 წელს საკუთარი ქმარი მატარებლიდან გადააგდო, რის შემდეგაც მის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და გაყიდვიდან მიღებულ თანხას დაეუფლა.
2008 წელს ობოლაშვილმა მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკაც მოკლა. მისი თქმით, კაცს თავის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხიდიდან მტკვარში გადააგდო. ამის შემდეგ ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა – 50 000 დოლარი მიითვისა.
ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსთაველი მანიაკი“
ფრიდონ პირტახიამ იგივე „რუსთაველმა მანიაკმა“ 7 უმძიმესი მკვლელობა ჩაიდინა.
ფრიდონ პირტახია 1987 წელს გაგრაში ქურდობისთვის დაიჭირეს. სასჯელს იხდიდა ქალაქ ულან-უდეში.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ფოსტაში ახალგაზრდა ქალი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ტელეფონზე დასარეკად არ შეუშვა. 1998 წელს პირტახია სახლდება რუსთავში და სერიული მკვლელობები დაიწყო.
მისი ხელწერა ასეთი იყო, – ჯერ აუპატიურებდა, შემდეგ კი კლავდა.
1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე, რომლის გვამი გადამალა „აზოტის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.
1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს, რუსუდან ვაჩიბერიძე-კიკალიშვილს.
2000 წლის 2 ივლისს პირტახიამ გარდაბნის რაიონში, ზოოვეტინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებულ საინკუბატორო საამქროს სპეციალურ საცავში გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 21 წლის სოფო კუბლაშვილი.
2000 წლის 29 მაისს რუსთავში, მე-2 მიკრორაიონში მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულზე მან გააუპატიურა და შემდგომ დანით მოკლა 28 წლის მარინა გრიდნევა.
2000 წლის 29 ივლისს რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, მოკლა 35 წლის მარინა იმერლიშვილი. გვამი დააგდო იქვე, მინდორში მდებარე სანაგვესთან.
2000 წლის 15 ივლისს პირტახიამ რუსთავში, თავის ბინაში, დანით მოკლა 43 წლის მზია ხუციშვილი.
„რუსთაველმა მანიაკმა“ სიცოცხლე საკანში თვითმკვლელობით დაასრულა.
რუსუდან თბილელი
XXI საუკუნის დასაწყისში თბილისში დააკავეს ქალი, რომელსაც თავდაპირველად ერთ, გამოძიების დასასრულს კი ოთხ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ექსპერტის დასკვნით,“ რუსუდან თბილელი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო.
2001 წლის დასაწყისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა, – ფოთის ქუჩის 20 ნომერში მცხოვრები ქალი მოკლესო.
რუსუდან თბილელი, რომელიც თავად დიღმის მასივში ცხოვრობდა, ფოთის ქუჩაზე მარტოხელა ქალს, ვალენტინა ბელიაევას მეურვეობდა იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა დარჩებოდა. ერთ დღეს მეურვემ ვალენტინა წაიყვანა და მას შემდეგ მოხუცი აღარავის უნახავს. შეშფოთებულმა მეზობლებმა რუსუდანთან მოიკითხეს. დამწუხრებულმა თბილელმა აუწყა, გარდაიცვალაო (მიცვალებული შინ ესვენა). მეზობლები დაეჭვდნენ – რა მოკლავდა ჯანმრთელ ქალსო და საქმის გასარკვევად პოლიცია გამოიძახეს.
ექსპერტებმა გვამის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მოხუცი მოკლული იყო – გულმკერდის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რუსუდანი თავდაპირველად უარყოფდა, შემდეგ აღიარა, რომ ბელიაევა ფოთის ქუჩიდან შინ წაიყვანა და მერე იარაღით მოკლა.
გაირკვა, რომ თბილელმა ბინა თაღლითურად ჩაიგდო ხელში – ნოტარიუსთან ბელიაევას ბინის გადასაფორმებლად თავად ბელიაევა კი არა, სხვა რუსი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც ”გაწეული სამსახურისთვის” 200 დოლარი გადაუხადა.
თბილელის დაკავების შემდეგ მისი ავტოფარეხი გაჩხრიკეს, სადაც აღმოჩნდა, რომ ექიმ ანდრო ჭანტურიას ცხედარი იყო დამარხული.
კრიმინალისტებმა ავტოფარეხში დღიურს მიაკვლიეს, სადაც თბილელი კიდევ ორი მკვლელობის შესახებ წერდა.
იაგო ნებიერიძე
გორელმა სერიულმა მკვლელმა იაგო ნებიერიძემ ორი ბავშვი მოკლა.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი, გოგონა 2018 წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
გორის რაიონულმა სასამართლომ ნებიერიძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მანამდე კი 2004 წელს მოკლა 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი, რომლის გვამი, მხოლოდ გასულ წელს აღმოაჩინეს, ამავე საქმეში ფიგურირებდა იაგო ნებიერიძე, თუმცა მაშინ ვერ დაუმტკიცეს.
წყარო: primetime.ge