არ გვაქვს სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა [პოლონელ ექიმებთან] — ღარიბაშვილი

July 20, 08:35
0
141

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს პოლონელ ექიმებთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არ აქვს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც ძალაში რჩება, იყო მხოლოდ ოჯახის ჩართულობით მომხდარიყო უცხოელი ექიმების ჩამოყვანა სააკაშვილის სამკურნალოდ. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ თვალი დახუჭა პოლონური მხარის ჩართულობაზე, თუმცა მათ თავად დაუკარგეს პროცესს ნდობა.

„ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამის მცდელობა. საერთოდ გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია. სამარცხვინო ფაქტი მოხდა, როცა მალულად გამოიტანეს ნიმუშები. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია და ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა. ამიტომ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია და „როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად იყენებენ ამ საკითხს შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში“.

„ვინაიდან მათგან იყო ასეთი არაორდინალური ქცევა და ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი, ჩვენ არანაირი სურვილი არ გაქვს, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ და თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექს-პრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის „მალულად გატანას” ცდილობდა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 18 ივლისს განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებდნენ და დაიწყებდნენ ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, თუ პოლონური მხარე არ გააკეთებს განმარტებას, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება.

დღეს, პოლონური მხარე პირველად გამოეხმაურა პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოხდა „შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი“. ამასთან, ამბობს, რომ ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ემოციური განცხადებები“ ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

Cesko