დიმიტრი შილოვი ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

0
1506
25 Views

რუსი ბლოგერი დიმიტრი შილოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩავიდა, ქართულ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისას დიმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს – „ყველა კონტროლი და შემოწმება გავიარეთ. თურმე აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება. ჩვენ არც ჩავსულვართ“, – ამბობს ვიდეოში შილოვი.

საქართველოში სოც. ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა და ოპოზიციურმა მასმედიამ შილოვის ფრაზა გაიგო როგორც „აფხაზეთში ჩავსულვართ“. შესაბამისად მან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია.

„სოლოვიოვ Live»-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბლოგერი ამბობს, რომ აფხაზეთში მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაში, საბჭოთა კავშირის დროს იყო ჩასული.

„საქართველოში ჩასვლისას საპასპორტო კონტროლზე გვკითხეს, ვიმყოფებოდით თუ არა აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში. მე ვუთხარი, რომ აფხაზეთში ბოლოს 1984 წელს ვიყავი, როდესაც დედამ გაგრაში დასასვენებლად წამიყვანა. თბილისში კი უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი, ამით საქართველოს ბიუჯეტს ფული შეემატება“, – განაცხადა შილოვმა.

მისი თქმით, ქართულ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო მისი დასვენება ჩაიშალა და იძულებული გახდა უკან კალინინგრადში დაბრუნებულიყო. შილოვი ასევე ამბობს, რომ ის ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია.

დიმიტრი შილოვმა ქართულ ოპოზიციურ მადიას „უმცირესობის არხები“ უწოდა. მისი თქმით, ეს სწორედ ის არხებია, ვინც ავიაკომპანია Georgian Airways-ს თავს ესხმოდა, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დაიწყო. შილოვი ამბობს, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეების შევიწროების შემთხვევა მას არ უნახავს, მაგრამ „ყველგან უკრაინის დროშები ჰკიდია“. დიმიტრი შილოვი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მომხრეა.

Cesko