კახა გრიგალაშვილი: ,,სროლა დაგვიწყეს, კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ” – ,,ქართული ხმების” წევრმა ტყვიების წვიმაში გაიარა

July 14, 09:49
0
990

 

ბოლო 30 წელია, საქართველოს მოსახლეობა დანისპირზე დავდივართ იმის შიშით, არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და არ განმეორდეს ის ავბედითი დღეები, როცა თანამოქალაქეები ერთმანეთს ტყვიებს უშენდნენ. ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაანალიზებელი და მოსანანიებელი გვაქვს, ბევრიც ცხვირწინ გვიდევს, მაგრამ წარსულიდან თითქოს მაინც ვერ თუ არ ვსწავლობთ, არადა ისტორიის სულ მცირე მონაკვეთის წინ ხდებოდა ის ყველაფერი, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრებას, სულს, ბედს მძიმე კვალი დააჩნია.

ქართველების ტყვიას შემთხვევით გადაურჩა ანსამბლ “ქართული ხმების” წევრი კახა გრიგალაშვილიც და მისი ორი მეგობარი. სულ პატარა ბიჭები კინაღამ სამოქალაქო ომს ემსხვერპლნენ. იმ ავადსახსენებელ დღეებში, როცა თბილისის ქუჩებში ტყვიები წუოდა, ცნობისმოყვარე მოზარდები სახურავზე ისხდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს, რა ხდებოდა ქალაქში. ბარიკადების ერთ-ერთ მხარეს მდგომ მებრძოლებს ისინი სნაიპერები ეგონათ და სროლა აუტეხეს. ის პატარა ბიჭები, დღეს უკვე კაცები, დარწმუნებული არიან, მაშინ უეჭველი სიკვდილისგან მათი გადარჩენა ღვთის ნება იყო.

კახა გრიგალაშვილი ,,სარკესთან” იხსენებს იმ დღეს, რომელიც მის მეხსიერებაში მძიმე კადრად დარჩა.

კახა გრიგალაშვილი: 1991-92 წლების ზამთარი იყო, ომის პერიოდი. ბიჭები ერთ-ერთი სახლის სხვენზე ავედით და მოვლენებს იქიდან ვაკვირდებოდით. საკმაოდ პატარები, დაახლოებით 14 წლისანი ვიქნებოდით. სატვირთო მანქანამ ჩამოიარა, სადაც ოცამდე შეიარაღებული კაცი იჯდა. თუ არ ვცდები, ციხიდან “პოლიტპატიმრების” გასათავისუფლებლად მიდიოდნენ. სახურავზე სამნი ვისხედით. როგორც ჩანს, ამ მამაკაცებს სნაიპერები ვეგონეთ და სროლა დაგვიწყეს. კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ.

– როგორ მოახერხეთ მათგან თავის დაღწევა?

– ალბათ ბავშვური სისხარტით. ისიც დაგვეხმარა, რომ იქაურობას კარგად ვიცნობდით. როცა მივხვდით, რა გველოდა, გაქცევა დავაპირეთ და წამის მეასედებში სროლაც ატყდა. მადლობა უფალს, თავის დაღწევა შევძელით, თორემ დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

აბსოლუტურად უდანაშაულო სამ ბავშვს ოცი კაცი გვესროდა. გაოცება, გაკვირვება, ყველაფერი ერთად დამეუფლა. შიშის გრძნობა მერე უფრო გამიჩნდა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე. ჩვენი მიმართულებით დაახლოებით 200-300 ტყვია წამოვიდა. მთელი შემართებით გვესროდნენ. შეეშინდათ, ეგონათ, რომ რაღაცას ვუპირებდით. კიდევ კარგი, მალევე ჩაიარეს. ახლა შარდენის ქუჩა რომ ამოდის, იქ მოხდა ეს ყველაფერი.

მას შემდეგ ვცდილობ, სახურავზე არ ავიდე. თუ ავდივარ, სულ ქვემოთ ვიყურები, ვიღაცას თვალში ცუდად რომ არ მოვხვდე.

– ეს ამბავი სახლში რომ მოყევით, რა გითხრეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მათთვის არ მითქვამს. შვილმა რომ მითხრას, ოცი კაცი მესროდაო, შეიძლება მეტი ვერც ვერაფერი მოვისმინო, მოვკვდე! სწორედ ამიტომ მოვერიდეთ, მშობლებისთვის გვეთქვა. ეს ამბავი დავუმალეთ.

,,სარკე”

Cesko