NATO-ში გაწევრიანებას უკრაინის სახელმწიფოს არსებობის ფასი დაედო – ლევან მამალაძე

0
808
22 Views

NATO-ში გაწევრიანებას უკრაინის სახელმწიფოს არსებობის ფასი დაედო”- ასე ეხმიანება”სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ვილნიურის სამიტზე, ნატოს გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა მაპის გარეშე მიიღონ ალიანსში, თუმცა, კონკრეტული პირობებით.

„უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე, მაგრამ მთავარია უკრაინამ გაიმარჯვოს რუსეთთან ომში“.

რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცების ხარჯზე ომი, NATO-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. NATO-ს იარაღით განხორციელებული კონტრშეტევით, უკრაინამ დასავლეთისთვის სასურველი შედეგი ვერ დადო.

ახლა იარაღის მიწოდების ახალი ტალღა დაიგეგმა, კასეტური ბომბების, გრძელმანძილიანი Atacs-M-ის და თვითმფრინავების ჩათვლით. უკრაინას კი გაწევრიანების სატყუარა მოტივაციისთვის მიუახლოვეს იმ დათქმით, რომ რუსეთი უნდა დაამარცხოს.

ამის პარალელურად, აშშ-ის ავტორიტეტული პოლიტიკოსები და გავლენიანი გენერლები აცხადებენ, რომ არასწორი ინფორმაცია გააჩნდათ იმაზე, რომ სანქციებით დატვირთული რუსეთი შესუსტდებოდა და იარაღის უკმარისობის შედეგად დამარცხდებოდა.

რეალობამ გვიჩვენა, რომ რუსეთს უსაზღვრო რესურსები გააჩნია, ადამიანების ჩათვლით. საბჭოთა შეიარაღების რაოდენობა იმდენი აქვს, რომ კიდევ 20 წელი შეძლებს ომის წარმოებას. რუსეთმა მოახერხა მრეწველობის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანა, სიმძლავრეების გაზრდა და ჭურვების დეფიციტი მთლიანად მოხსნა, ხოლო ტექნოლოგიურ უკმარისობას ჩინეთი უვსებს!

სანქციებმა რუსეთი ვერ დაასუსტა და 1 წლის განმავლობაში, დასავლეთის სიზანტის გამო, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება შეძლო! რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამ კი, აშშ-ის ჰეგემონიას საფრთხე შეუქმნა!

ამ ვითარებაში, დასავლეთს, სასიცოცხლოდ სჭირდება უკრაინასთან ომში რუსეთის დასუსტება და მზარდი ჩინეთის დაშოშმინება! გავლენიანი ექსპერტები უკრაინას განწირულად მოიხსენიებენ, რადგან ბირთვული და ზებგერითი იარაღის მქონე სახელმწიფოს დამარცხება, მხოლოდ უკრაინის ფრონტით ვერ მოხდება. მრავალი მაგალითია ისტორიიდან, „რუსეთი მარცხდება მაშინ, როცა შიგნიდან ტყდება“, მაგრამ ესეც არ გამოვიდა, მეამბოხე პრიგოჟინის მარში მოსკოვზე, 2 დღეში ჩაიშალა. პუტინი კი რუსეთის მრავალეროვანი საზოგადოების შეკვრით და ჯარის ერთსულოვნების განმტკიცებით არის დაკავებული, რომ „ვაგნერის“ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვას!

რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მეტი NATO მიიღო, ფინეთისა და შემდგომ შვედეთის სახით. ამის საპირწონედ რუსეთმა კარელიაში და ბელორუსში ბირთვული იარაღი და სარაკეტო სისტემები განალაგა.

დამარცხდება თუ არა რუსეთი, იქცევა თუ არა ბირთვული ომი რეალობად, ან რა დარჩება უკრაინისგან, ამას დრო გვიჩვენებს!

გიგანტთა ომში ჩარევა საქართველოს საქმე არ არის. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, ხოლო საზოგადოებამ რეალობა უნდა აღიქვას და სურვილებით არ უნდა იხელმძღვანელოს!.

PS. “საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა”- ამას უკვე 23 წელია ვისმენთ!”- წერს ლევან მამალაძე.

Cesko