ზოგისთვის დეჟავიუ ზებუნებრივი მოვლენაა, სხვები მას ნევროლოგიურ მიზეზებს მიაწერენ. ამ სრულად მეცნიერული ფენომენის ახსნას Deutsche Welle შეეცადა.
უკაცრავად, ჩვენ ერთმანეთს ადრე არ შევხვედრივართ? უი, აქ მე ნამყოფი ვარ! – როდესაც მსგავსი ფრაზები გესმით, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის დეჟავუ. მოხვდით უცხო ქალაქში და ყველაფერი ნაცნობად გეჩვენებათ? გაიცანით ადამიანი და ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ მას ადრე სადღაც შეხვედრიხართ? თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც დეჟავუ განიცადა.
როგორ ხსნიან მეცნიერები დეჟავიუს?
ფრანგმა ფილოსოფოსმა და მკვლევარმა ემილ ბუარაკმა ფრაზა Déjà-vu – “უკვე ნანახი” ჯერ კიდევ 1876 წელს გამოიყენა. თუმცა, მეცნიერები ამ ფენომენის ახსნას იქამდე დიდი ხნით ადრე ცდილობდნენ. მაგალითად, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი მას „წინა ცხოვრებების“ ნიშნად მიიჩნევდა. ფსიქოანალიტიკოსმა ზიგმუნდ ფროიდმა მოგვიანებით აღწერა დეჟავუ, როგორც არაცნობიერი ფანტაზიის მეხსიერება, რომელიც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილთან არის შერწყმული. მეორე მხრივ, ფსიქიატრი კარლ იუნგი თვლიდა, რომ ეს კოლექტიურ ქვეცნობიერთან არის დაკავშირებული. ჰოლივუდურ ფილმებში კი დეჟავუ ასახულია როგორც „შეცდომა მატრიცაში“.
“ამათგან არცერთს არაფერი აქვს საერთო ზებუნებრივ მოვლენებთან. დეჟავუ სრულიად ნორმალური ფენომენია. ეს არის შეგრძნება, რომ ესა თუ ის მოქმედება, აზრი და შეგრძნება ადამიანებს ადრეც ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა”, – განაცხადა ვაშინგტონის ჯორჯთაუნის კათოლიკური კერძო უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორმა ჯეიმს ჯორდანომ. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90%-ი რაღაც მომენტში დეჟავუს განიცდის. თუმცა მას ერთი თავისებურება აქვს: ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანი ამ ფენომენს სულ უფრო იშვიათად აწყდება.
რატომ განიცდის ადამიანი დეჟავიუს?
”სინამდვილეში, დეჟავუს მიზეზი არ არსებობს. რეალურად, ჩვენი ტვინი მუშაობს როგორც დროის მანქანა სივრცეში. ის იღებს ყველაფერს, რაც ჩვენს აწმყოშია და მას ჩვენი წარსულის მსგავს ან განსხვავებულ გამოცდილებასთან აკავშირებს. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს ტვინს, მომავალი დაგეგმოს. თუმცა ზოგჯერ ასეთი სიგნალები ჩვენს წარმოსახვაში დაბნეულობას იწვევს“, – განმარტავს პროფესორი ჯორდანო DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს ფენომენი სათავეს იღებს ე.წ. თალამუსში – თავის ტვინის ნაწილში, რომელიც მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სმენით, გემოვნებითა და შეხებით მიღებულმა ყველა ინფორმაციამ უნდა გაიაროს თალამუსში, რათა ყველაზე გარე შრეში – თავის ტვინის ქერქში მოხვდეს. ამ უკანასკნელთან ინფორმაცია შემდგომი ინტერპრეტაციისა და დამუშავებისთვის მიდის.
“თუ ამ სრულად განსხვავებული ურთიერთქმედების სიჩქარე თანაბარი არ არის, მაშინ აწმყოს ჩვენეული აღქმა შეიძლება მოგონებად მოგვეჩვენოს. ამრიგად, ჩვენს ტვინს ზოგჯერ შეუძლია, აწმყო წარსულთან აურიოს”, – განმარტავს პროფესორი ჯორდანო. როდერიკ სპირსიც, რომელიც შაკიკსა და სხვა კლინიკულ შემთხვევებს იკვლევს და პროვიდენსის კერძო უნივერსიტეტის პროფესორია, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მკაფიო ახსნა, თუ რატომ და როგორ ხდება დეჟავუ. კონკრეტული და ხელშესახები მასალის გარეშე ამის გაკეთება მეცნიერებს უჭირთ.
რამდენად ხშირად ხდება დეჟავიუ?
“დეჟავუზე დაკვირვება რთულია, რადგან ის სპონტანურად ხდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვიწვიოთ ასეთი ეპიზოდები ლაბორატორიულ პირობებში”, – სინანულით ამბობს როდერიკ სპირსი. ნეირომეცნიერებაში პოპულარული თეორია არის ე.წ. ორმაგი ნევროლოგიური დამუშავება, რომლის დროსაც ინფორმაცია ინახება და მოიპოვება ტვინში ორი განსხვავებული პროცესის მეშვეობით. მაგალითად, თქვენ ხართ სასტუმროს მისაღებში და ამ სტატიას კითხულობთ. სამზარეულოდან თქვენი ვახშმის სურნელი გამოდის, კატა გვერდით არის მოკალათებული, მობილურზე ახალი შეტყობინება შემოგდით და საღამოს მზის სითბოს საკუთარ კანზე გრძნობთ. ყველა ეს შეგრძნება და აღქმა, რომლებიც ბუნებით განსხვავებულია, ტვინის მიერ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ჩაიწერება როგორც ერთიანი გამოცდილება.
აღნიშნული თეორიის თანახმად, თუ ტვინი ამ მონაცემებს მცირე დაგვიანებით ამუშავებს, ის მიღებულ გამოცდილებას ორ თანმიმდევრულ მოვლენად აღიქვამს და ამით გაგრძნობინებთ, რომ ერთ-ერთ მათგანს თქვენი წარსული გამოცდილებიდან უკვე იცნობთ. ფიზიკოსი მიტიო კაკუ თვლის, რომ დეჟავუ არის მეხსიერების დარღვევა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც “ტვინში შენახული მოგონებების ფრაგმენტები ჩნდებიან, თუ აღმოვჩნდებით გარემოში, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენ ეს უკვე შევიგრძენით”. მეცნიერი სწავლობს თეორიას იმის შესახებ, შეგვიძლია თუ არა პარალელურ სამყაროებს შორის გადართვა და სურს თუ არა დეჟავუს გვითხრას ჩვენი პოზიციისა და გრძნობების შესახებ სწორედ ამ სამყაროებში.
სხვა კვლევების მიხედვით, დეჟავუს შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სტრესს. “ტვინი უკეთ მუშაობს, როდესაც ის დასვენებული და ენერგიით სავსეა. თუ თქვენ ძალიან ნერვიულობთ ან შფოთავთ, ტვინი იღლება. ასეთ დროს ადამიანის ტვინის აქტივობის სურათი შეიძლება გარკვეულწილად შეიცვალოს”, – განმარტავს ჯორდანო. ამასთანავე სპირსი დასძენს, რომ კარგი განათლების მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან დეჟავიუს, ვიდრე – ინტელექტუალურად ნაკლებგანვითარებულები. „ადამიანებს, რომელთაც ლიბერალური შეხედულებები აქვთ ან ბევრს მოგზაურობენ, თავიანთი სიზმრები ახსოვთ და უფრო ხშირად განიცდიან დეჟავიუს“, – ამბობს მეცნიერი.
არის თუ არა დეჟავუ ფსიქიკური დარღევის ნიშანი?
”სულაც არა,” – ამბობს ჯორდანი. ”სავსებით ჯანმრთელი ადამიანები დროდადრო განიცდიან დეჟავუს. ყველაზე ხშირად ეს ხდება 15-დან 25 წლამდე ასაკში“, – დასძენს მეცნიერი. თუმცა სპირსი ურჩევს მათ, ვინც დეჟავუს წელიწადში რამდენჯერმე განიცდის (მაგალითად, თვეში რამდენჯერმე), მიმართონ ექიმს. გარდა ამისა, თუ დეჟავუ გონების დაკარგვასთან ან ძილის მსგავს უჩვეულო მდგომარეობასთან ასოცირდება, ეს შეიძლება ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს.
იშვიათ შემთხვევაში, დეჟავუ შეიძლება იყოს ატიპური ეპილეფსიური კრუნჩხვის ნიშანი. “კრუნჩხვების უმეტესობა თავის ტვინის ზედა ნაწილში წარმოიქმნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის ზედმეტად სტიმულირებულია და ადამიანი ჯერ კიდევ ნახევრად უგონო მდგომარეობაშია. ამან ასევე შეიძლება დეჟავუს შეგრძნება გამოიწვიოს“, – ამბობს როდერიკ სპირსი. ზოგადად, არსებობს ფართო კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა არის დეჟავუ და რა იწვევს მას. „ამისთვის მყარი სტრუქტურული ახსნა ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს“, – წუხს თავის მხრივ სპირსი.