სექსუალური შევიწროება 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ – დამნაშავე ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელია. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ პაატა დოგრაშვილი ფეხბურთელ ქალებს, ვარჯიშის პარალელურად, სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებულებმა “კურიერი P.S-ს” უამბეს ის, რასაც წლების განმავლობაში სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდნენ. ერთ-ერთი ქალი ფეხბურთელი ჰყვება, რომ მწვრთნელი მათ გასახდელში შედიოდა და პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს აჩვენებდა. ადგილი ჰქონდა მამაკაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალური ხასიათის შეხებასაც.
33 პროცესის შემდეგ, სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო – ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა. პასუხისგებაში მიცემულ მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება – 36 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. თუმცა, ეს სამართლებრივი დავის მხოლოდ ნაწილია. სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ განხილვაშია – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს დააპატიმრებენ.
ლანა გორგაძე სექსუალური შევიწროების საქმეში სასამართლომ დაზარალებულად ცნო. ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ 9 თანაგუნდელს შორის, ვინც ღიად ალაპარაკდა მწვრთნელის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის ფაქტებზე.
ოფიციალურად, დაზარალებული 9 ქალია, თუმცა ქუთაისის ქალთა კლუბ “მართვეში” ამბობენ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.
გარდა სექსუალური ხასიათის შევიწროებისა, ფეხბურთელი ქალები მწვრთნელს ფინანსურ თაღლითობასაც ედავებიან. მათი თქმით, ხელმძღვანელი არასრულწლოვანებს, ისედაც მცირე ხელფასიდან, გარკვეულ წილს სთხოვდა.
ფეხბურთელებმა რამდენიმე სარჩელი მოამზადეს. მაშინ რამდენიმე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. 3-წლიანი დავის შემდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პაატა დოგრაშვილის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადასტურა. ძალადობისა და შევიწროების შემდგომი პრევენციის მიზნით, კლუბმა მწვრთნელი საქმიანობას ჩამოაცილა.
პაატა დოგრაშვილი წაყენებული ბრალდებებიდან მხოლოდ იმას აღიარებს, რომ ფეხბურთელების ხელფასების წილს აგროვებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ, ქალთა საფეხბურთო კლუბის “მართვეს” და მისი მწვრთნელის მიერ სექსუალური შევიწროება დაადგინა. სპორტსმენი ქალების დავა უფლებებისთვის აქ არ სრულდება. კიდევ ორი ეპიზოდის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მწვრთნელი დააპატიმრონ.