„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში სანქციების ტექნიკური ჯგუფი იყო ჩამოსული და დადებითი შეფასებები გააკეთა, ამან გამოიწვია ქართული ოპოზიციისა და დასავლეთში მათი ლობისტების გაღიზიანება.
„ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში იყო ჩამოსული სანქციების ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შედგება. რამდენიმედღიანი შეხვედრები ჰქონდათ აბსოლუტურად ყველა უწყებასთან, ვისაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონოდა სანქციების დარღვევა/აღსრულების თემასთან. მათი განცხადება იყო მკაფიოდ ერთმნიშვნელოვანი – რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს, ამის არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ზუსტად ვასრულებთ იმ თამაშის წესებს.
ამას მოჰყვა ჯერ ქართული ოპოზიციის განცხადებები, პირდაპირ ვიტყოდი – კნავილი, რომ იმათ ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ მაინც ხდება. ეს იმდენად არაფრის მთქმელი იყო, რომ ცხადია, ეს განცხადებები შედეგს ვერ გამოიღებდა. ამის შემდეგ გამოვიდა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი, რომელიც დღეს არის უკრაინაში ამ სანქციების კომისიის ერთ-ერთი მთავარი წევრი, რომელმაც თქვა – კი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ არღვევთ სანქციებსო და დაგვემუქრა, გარკვეული სანქციებით ხელისუფლების წარმომადგენლების, ქართული კომპანიების თუ სახელმწიფოს მიმართ მთლიანად. წარმოუდგენელი რამე თქვა, რაც აღარ გაგვიგია უკვე დიდი ხანია – საქართველო, რომელიც იყო შუქურა დემოკრატიის და ადამიანის დაცვის სფეროში, დღეს გახდა ამ სფეროში მაჩანჩალა.
კაცი ლაპარაკობს ხელისუფლებაზე, რომელიც ადამიანებს კლავდა და პირდაპირ აგდება ზღვაში, ფეხზე ქვამობმულს. თურმე ის იყო დემოკრატიის შუქურა და დღეს თურმე ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა ციხეში კვდებოდა 150 კაცი და დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია 12-5-ზე. ესენი ყველანი ასრულებენ დაკვეთას იმ ომის პარტიის. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება მოგვცენ, ეს ახსნა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა იოზვიაკმა, რომელსაც ძალიან ხშირად ინსაიდერული ინფორმაციები აქვს, ანუ, შიგნიდან გამოაქვს ინფორმაციები, რომ ეს ჩვეულებრივი მეთოდია ევროკავშირის პოლიტიკისთვის, მოგცემენ რაღაცას, რომ ამის მერე უფრო ადვილად გადაგვადგმევინონ რაღაც ნაბიჯები, ეს ნაბიჯები იქნება ის, რომ სრულ თანხვედრაში მოგვიყვანონ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. აქ იგულისხმება ერთადერთი რამე, რომ საქართველო არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლის საშუალება და ტერიტორია არ იყოს (რასაც ახლა წარმატებით ვაკეთებთ, რომ არ ვართ), არამედ საქართველომ დააწესოს ის სანქციები, რომელთა დაწესებას ჩვენგან ითხოვენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.