რას ამბობენ უმძიმეს ტრაგედიაზე საშინელ ავარიაში დაღუპული ბიჭების მეზობლები – ახალი დეტალები

0
5737
15 Views

ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია-ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც შევიტყვეთ ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგონა იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაშავებულ გოგონას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ახლა ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას. მისი მდგომარეობაც მძიმეა. გლოვაა სოფელ გეგუთში, სადაც 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დასტირიან. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე.

“საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო. დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21-23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი.

არც ერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ, მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდათ ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს”, – გვითხრა ჯაბას მეზობელმა.

“კვირის პალიტრა” გეგუთელს დაუკავშირდა, ის მამუკა ბრეგვაძის და გიორგი მამისეიშვილის მეზობელი აღმოჩნდა:

“მანქანა გიორგი მამისეიშვილის იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ისე ვარ ახლა, ლაპარაკი არ შემიძლია. მეგობრები იყვნენ ყველანი, მიზეზი რა იყო ამ უბედურების, არაფერი არ ვიცით, დილით სადღაც 8 საათისკენ არის მომხდარი. ქუთაისიდან მიდიოდნენ დასავლეთისკენ. ჯუბა კუხიანიძე და ლაშა წიქორაძე უკვე ჩამოსვენეს სოფელში, ახლა მოასვენებენ მამუკას და გიორგის. ორი ქვედა გეგუთში ცხოვრობდა, მეორე ორი ზედა გეგუთში, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები.

რა უნდა ვთქვა, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახის შვილები, კარგად აღზრდილები, კულტურული და პატიოსანი ხალხი დაიღუპა. არ ვიცი რა ვთქვა. გლოვობს მთელი სოფელი. საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი”, – თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

“კვირის პალიტრა”

Cesko