ვახტანგ კიკაბიძე: ,,მგონი, ისეთი გზით ვიარე, ჩემი ღმერთი არ გამინაწყენებია” – ,,სარკესთან” გამხელილი ბუბას ყველაზე დიდი ნატვრა

0
817
21 Views

,სარკე”

,,სიკვდილს სად გაექცევი. სიკვდილი რა არი, რო?! რაღაცის დანამატი. გინდა, 100 წელი გიცოცხლია… არა, მე არ მეშინია მაგის. მორჩა კინო!.. პროდიუსერი მპირდება, რომ 85 წლის იუბილე გრანდიოზულად უნდა აღვნიშნოთ. თუ ღმერთმა ინება, გაერთიანებულ საქართველოში ერთ დიდ კონცერტს ჩავატარებ და მერე ალბათ წავალ სცენიდან”, – ამბობდა ესტრადის ვარსკვლავი, მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. 85 წელი რამდენიმე თვეში, 19 ივლისს, უსრულდებოდა, მაგრამ… სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა მომღერალმა 15 იანვარს დაგვტოვა.

მშიერი ბავშვობა

ვახტანგ კიკაბიძის ბედის ბორბალმა დაუღალავად იტრიალა წუთისოფლის გზებზე. სანახავი ბევრი იყო. ჭირიც იყო და ლხინიც. დრომ უდიდესი სიმდიდრე მოუტანა – სახალხო სიყვარული და დაუვიწყარი ადამიანური ურთიერთობები. თავიდანვე ვარსკვლავივით გაბრწყინდა როგორც სცენაზე, ისე კინოში. მანამდე კი იყო ბავშვობა საინტერესო ადამიანებით, მაგრამ დიდი გაჭირვებით.

სიმღერის ნიჭი და სიყვარული დედის გენეტიკის დამსახურება იყო. ბებია, ოლღა ამირეჯიბი, საუცხოოდ მღეროდა. მისი ხმა პირველმა ხმოვანმა ფირფიტამ შემოინახა, რომელიც გრიშაშვილის მუზეუმშია დაცული. ბიძა, დიდი ჯანო ბაგრატიონი, ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი გახლდათ, ხოლო დედა, მანანა ბაგრატიონ-ამირეჯიბი, ჯერ ჯანოს ჩამოყალიბებულ ჯაზორკესტრში მღეროდა, შემდეგ – სახელმწიფო კაპელაში. სიმღერა ბუბასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ მის ხრინწიან ხმას კარგახანს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

– ჩვენ მაშინდელ ძერჟინსკის ქუჩის 10 ნომერში ვცხოვრობდით, ყოფილ საერთო სამზარეულოში, ცემენტის იატაკიან, 14 კვადრატული მეტრის ოთახში. 14 წელი ვიცხოვრეთ იქ და ცემენტის ბრალია, რომ დღემდე ფეხები მტკივა. მერე 8 კვადრატული მეტრის ოთახში გადავედით, მაგრამ ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იქ იატაკი იყო.

დედა სახელმწიფო კაპელაში მღეროდა, საღამოობით სიონში გალობდა, ამიტომ თითქმის მთელი დღე გასული იყო. თანატოლ ბიჭებთან ერთად მთელ დღეებს ქუჩაში ვატარებდი. სწავლა არ მიყვარდა და მესამე კლასში ჩამტოვეს. შემდგომ სხვადასხვა სკოლიდან სამჯერ გამრიცხეს, რომ იტყვიან, “მგლის ბილეთით”. ატირებული დედაჩემი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ჩემმა რუსულის მასწავლებელმა ნინო რამიშვილმა, დაამშვიდა: “მანანა, ნუ ტირი, აი, ნახე, ეს ბავშვი მსახიობი გამოვა”.

ისე, სიმბოლური იყო, რომ ჩვენს ეზოში კოტე მარჯანიშვილი ცხოვრობდა. 5 წლის ვიყავი, ბავშვებმა სპექტაკლი დავდგით. მე ჰიტლერი ვიყავი, ჩემი მეზობელი სომეხი პეტიკა – სტალინი. ეზოში 17 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. არასოდეს დამავიწყდება დეიდა რაია. შეძლებული ოჯახებისთვის ტორტებს აცხობდა. კრემის ქვაბს ასალოკად მაძლევდა. ბიჭებს დავუძახებდი და გაკრიალებულ ქვაბს ვუბრუნებდი. კარტოფილის ნაფცქვენსაც მაძლევდა, რომელსაც დედა კარგად გარეცხავდა და შემიწვავდა ხოლმე.

კიდევ ერთი რაია ცხოვრობდა ეზოში, გენერალშას ვეძახდით. წიგნებს მაძლევდა წასაკითხად. ნელ-ნელა შემიყვარდა კითხვა და მივხვდი, რომ მარტო ქუჩა კარგს არაფერს მომიტანდა.

ჩემი ბიძის, მოქანდაკე დათიკო კიკაბიძის, პატივისცემით მიმიღეს სახელოსნო სასწავლებელში. იქ საჭმელს აჭმევდნენ მოწაფეებს და ჩემთვის, მუდმივად მშიერი ბავშვისთვის, ეს მისწრება იყო, – უყვებოდა “სარკეს” ესტრადის ლეგენდა.

დაწუნებული მომღერალი

ვახტანგ კიკაბიძე ყვებოდა, რომ დედას არ მოსწონდა მისი ხრინწიანი ხმა და მის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო.

– მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე, ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა, რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი, მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო. მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე…

ცოტა ხანი კინოსტუდიაში ვმუშაობდი მულტიპლიკაციაში. ხატვა მეხერხებოდა, მაგრამ არ მომეწონა იქ და თავი დავანებე. მერე მშენებლობაზე ვმუშაობდი. პარალელურად ვმღეროდი, საღამოებზე გამოვდიოდი. დედაჩემი იცინოდა, ნუთუ, მართლა შეიძლება, შენი სიმღერა ვინმეს მოსწონდესო.ერთხელ გელა ჩარკვიანმა მითხრა, უცხო ენების ინსტიტუტში კონცერტს ვაწყობთ და შენც იმღერეო. კონცერტს თურმე რექტორი ესწრებოდა. მან მირჩია, ჩვენთან ისწავლე და თან იმღერებო. მომამზადეს ნელი გიგაურთან, ჩამაბარებინეს გამოცდები და ჩამრიცხეს. სწავლისა რა მოგახსენოთ, სულ რეპეტიციებზე ვიყავი და კონცერტებზე გამოვდიოდი.

“რეროში” გამოცხადდა კონკურსი. გამსინჯეს და სამხატვრო საბჭოზე დამიწუნეს, შენი ხრინწიანი ხმა კაპიტალიზმს გვაგონებსო. მოგვიანებით “დიელოში” მიმიღეს, – ყვებოდა ბატონი ვახტანგი “სარკესთან”.

ვარსკვლავური გზის დასაწყისი

სწორედ “დიელოში” მღერისას გადაიღეს პირველ ფილმში “შეხვედრა მთაში”. ,,პირველი როლის შემდეგ მეგონა, რეჟისორები არ მომასვენებდნენ, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, 4 წელი არავინ შემხმიანებია. კინოსტუდიის დირექტორი გახლდათ ბატონი კაკო ძიძიგური. სუფრასთან შევხვდი ერთხელ. მითხრა, ბუბა, კინოსტუდიაში მუშაობა თუ გინდა, კარგი ხელფასი გექნებაო. როგორ არ მინდა-მეთქი, ვუპასუხე. ქაღალდის ხელსაწმენდზე დაწერა: “ჩემო ჟორა, მოვა კიკაბიძე, გააფორმე”. ასე, ქაღალდის ხელსაწმენდით მიმიღეს სამსახურში”, – იხსენებდა არტისტი.

მერე იყო დიდი ტრამპლინი, ანსამბლი “ორერა”, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილმა 1961 წელს შექმნა და სუპერპოპულარული იყო საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში. 3 წლის შემდეგ ვარსკვლავურ ჯგუფს ვახტანგ კიკაბიძეც შეუერთდა.

შეხვედრა გენიოსთან და უკვდავი ფილმი

გია დანელია – ეს იყო რეჟისორი, რომელმაც ვახტანგ კიკაბიძის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. მათი ერთობლივი ნამუშევარი “არ დაიდარდო” მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. ვახტანგ კიკაბიძე დიდ რეჟისორთან შეხვედრას “სარკესთან” ასე იხსენებდა:

“მაშინ გია დანელიას არ ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ვერიკო ანჯაფარიძის დისშვილი იყო და მისი ფილმი “სერიოჟა” მქონდა ნანახი. დამირეკეს, გია დანელია თავისი ფილმისთვის მსახიობებს ეძებს, სასტუმრო “საქართველოში” უნდა მიხვიდეო.

იქ რომ მივედი, დამხვდა საშუალო ტანის ყვითელი კაცი. თურმე ბოტკინი ახალი გადატანილი ჰქონდა. ახრჩოლებული სიგარეტით ხელში, მოღუშული სახით მკითხა: “შენ ხარ ბუბა?”. “დიახ!” – ვუპასუხე. “აბა, ერთი დაიყვირე”, – მითხრა. “რას ბრძანებთ, აქ სასტუმროა, ვერ დავიყვირებ”. “აჰა, შენ სცენარი, წაიღე, წაიკითხე, ვნახოთ, იქნებ დაგირეკო”, – ამ სიტყვებით გამომიშვა.

ერთ საღამოსაც დამირეკა: “დეიდაჩემთან მივდივარ, ჩემთან ერთად წამოდი”. “ჩვენი ბუბა მოვიდა!” – ასე შემხვდნენ იქ. ის კი ხმას არ იღებდა. ასე ვიარეთ ერთად სამი დღე. ვსვამდით, ვეწეოდით და ვსაუბრობდით, როლზე – არც ერთი სიტყვა.

თურქეთში ვიყავით გასტროლებზე. იქ გამომიძახეს ჩვენს წარმომადგენლობაში და მაჩვენეს დეპეშა – “გილოცავთ! დამტკიცებული ხართ როლზე! გია დანელია”.

ეს ფილმი გარდამტეხი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, უდიდესი წარმატება მომიტანა, მეორე – ისეთი ზოგადსაკაცობრიო თემებია გახსნილი, სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი. დავმეგობრდი გია დანელიასთან, რომელთანაც შემდეგ კიდევ სამ ფილმში ვითამაშე. ბევრ რეჟისორს გაუჩნდა ჩემი გადაღების სურვილი.

მიმინო და ფრუნზიკა

“მიმინო” უმეტესობას კომედია ჰგონია, არადა ფილმი ქვეყნის სიყვარულზეა. “დიდმა ავიაციამ” არ უნდა მოგხიბლოს და გაგიტაცოს. შენი, თუნდაც ძალიან პატარა ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მასთან ერთად უნდა იყო უბედურიც და ბედნიერიც. შენს სამშობლოში უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გაზარდო თაობა”, – უყვებოდა “სარკეს” არტისტი.

“მიმინოს” ის ვარიანტი, რომელიც მაყურებელმა იცის, რადიკალურად განსხვავდება იმ ვარიანტისაგან, რომელზე მუშაობაც გია დანელიამ ფილმის გადაღებამდე 8 წლით ადრე დაიწყო. თავიდან იყო ისტორია მფრინავ მამაკაცზე და ეს კომედია სულაც არ იყო. ეს ისტორია თვითმფრინავში დანელიას რეზო გაბრიაძემ უამბო. მოგვიანებით ისევ დაიწერა ახალი სცენარი, მაგრამ არც ის დამტკიცდა. მაშინ დანელიამ განაცხადა, რომ იქნებოდა მესამე ვარიანტი ქართველ პილოტზე, რომელიც მთიან კუთხეში დაფრინავდა. გადაღებები ისე დაიწყო, რომ არ არსებობდა ფინალის საბოლოო ვარიანტი. მნიშვნელოვანი დეტალები გადაღებების პროცესში იქმნებოდა.

დანელია საქართველოში ოპერატორთან ერთად ჩამოვიდა, რათა ეპოვა ადგილი, რომელიც ფილმის მთავარი გმირის მშობლიური კუთხე იქნებოდა. მთავარ როლში კი ბუბა კიკაბიძის გარდა არავინ სურდა. სომეხი მსახიობი ფრუნზიკ მკრტჩიანი ფილმში შემთხვევით მოხვდა. სცენარისტები დიდხანს ფიქრობდნენ, თუ ვინ შეიძლებოდა დახვედროდა ქართველ პილოტს სასტუმრო “როსიას” ნომერში. დღეს აღარც კი ახსოვთ, ვინ წამოიყვირა სომეხი მსახიობის კანდიდატურა, მაგრამ, როგორც კი მისი სახელი გაჟღერდა, სცენარისტებმა მაშინვე შექმნეს რუბიკას პერსონაჟი.

– რესტორანი გადასაღებად ღამის 12 საათზე დაგვითმეს, განათების დაყენება და გადასაღებად მზადება ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ მე და ფრუნზიკამ გავშალეთ ერთ-ერთ მაგიდაზე სუფრა. როდესაც დანელია მოგვიახლოვდა, აღმოჩნდა, რომ ოთხმა კაცმა სამი ბოთლი არაყი დავლიეთ. რეჟისორი გაბრაზდა, მაგრამ ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ მთვრალები არ ვიყავით. ფრუნზიკამ ცეკვის დროს სწორედ სიმთვრალის გამო ვერ აიღო იატაკიდან ცხვირსახოცი და მე დავეხმარე, – ყვებოდა ვახტანგ კიკაბიძე ცნობილ ეპიზოდზე.

დიდი სიყვარული

50 წელზე მეტი გაატარა თავის დიდ სიყვარულთან, ყოფილ ბალერინა ირინა ქებაძესთან. 27 წლის იყო, მასზე რომ იქორწინა და 50 წლის შემდეგაც შეყვარებულმა გააცილა თავისი თანამეცხედრე იმქვეყნად.

– ირინა გამორჩეული, ჭკვიანი ქალია, ცოტას ლაპარაკობს და მის სიტყვას დიდი წონა აქვს. გვერდზე დგომა იცის, ერთგულია. თუ დღეს ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა. არ შეიძლება ცოლი ქმარზე ადრე წავიდეს ამქვეყნიდან, რადგან ცოლი დედაა, ბებიაა, ოჯახის ბურჯია, ოჯახის საქმეების სწორად დამლაგებელი…

ჩემი შვილებიდან ქალიშვილს ყველა იცნობს – მარინა საღარაძე მსახიობია (ირინა ქებაძისა და გურამ საღარაძის შვილი მათი პირველი ქოწინებიდან. რედ.), ვაჟმა, კოკა კიკაბიძემ, თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ამჟამად კანადაში ცხოვრობს, იქ ბიზნესითაა დაკავებული. სამი შვილიშვილი მყავს – გიორგი, ვატო და ივა. ჩვენი ოჯახის მთავარი ადამიანი არის ჩემი შვილთაშვილი, 5 წლის ალექსანდრა, რომელიც ცეკვავს, მღერის, უცხო ენებს სწავლობს და საერთოდ გასაგიჟებელი ბავშვია, – ყვებოდა ბატონი ვახტანგი.

თავის დიდ სიყვარულთან შეხვედრას ასე იხსენებდა:

“ჩვენი სიყვარული კენედის ბრალია! გასტროლებზე ვიყავით უნგრეთში, მე – ანსამბლ “დიელოდან”, ჩემი კნეინა – ოპერიდან. კონცერტის მერე ახალგაზრდა მსახიობები ჩაის ვსვამდით. სასტუმროს მე-15 თუ მე-16 სართულზე ვიყავით. უცებ საშინელი ხმაური ატყდა ქუჩაში, მანქანები ამუხრუჭებდნენ, ხალხი გარბოდა. თურმე კენედი მოუკლავთ… ჩემს კნეინას შეეშინდა და მისი დაწყნარება დავიწყე. ჩავიხუტე და აღარც გავუშვი…

მაშინ ის და გურამ საღარაძე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

50 წელია, ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო. ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ”.

უარი რუსეთს და პუტინს!

ვახტანგ კიკაბიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში აღარ უმღერია, არც ჩასულა. პუტინის ჯილდო კი რუს დიქტატორს უკანვე დაუბრუნა. ეს იყო პროტესტი, რომელიც მანამდე მსოფლიოში არც ერთ ხელოვანს გაუბედავს პუტინისთვის.

– მე დიდხანს ვმღეროდი რუსეთში, ფილმებშიც მიღებდნენ, საუკეთესო რუსი პოეტები მიწერდნენ სიმღერის ტექსტებს. უზომოდ მადლობელი ვარ რუსი ხალხის, მაგრამ რუსეთის სახელისუფლებო ელიტა ისე ექცევა ჩემს ქვეყანას, არ ვიმღერებ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ 6-ნულიან ჰონორარებსაც მპირდებიან.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, მე კი ხალხთა მეგობრობის ორდენი გამომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, უკან გავუგზავნე. მე რომ ოკუპანტის ორდენი ამეღო, შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ შემეხედა, ჩემი სიმღერის სიმართლეში ჩემი ხალხი როგორ დამერწმუნებინა?!

ამბავი მომიტანეს, პუტინს სათანადო სამსახურებისთვის უთქვამს, კიკაბიძე სასწრაფოდ დააბრუნეთ მეგობრების წრეშიო. ჯერ მან დააბრუნოს ის, რაც წაგვართვა, მერე მე ვიზრუნებ რუსეთში დაბრუნებაზე, – ამბობდა ვარსკვლავი.

მძიმე დაავადებასთან ჭიდილი

ვახტანგ კიკაბიძე ბოლო წლებში დიალიზზე იყო. “ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყველაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი არ იწმინდება. ამით არ უნდა დავავადებულიყავი, არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი. ალბათ რაღაც ცოდვა მაქვს. ამდენი დაავადებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია”, – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტი.

“იესო ქრისტე შენშია”

– პატარაობისას დედასთან მივედი სიონში. იესოს ხატზე ვკითხე: “დედა, შენ იცნობ ქრისტეს?”. “ვიცნობ, – მიპასუხა დედამ, – ის შენშია, როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლება”. მგონი, ისეთი გზით ვიარე, ჩემი ღმერთი არ გამინაწყენებია, ეს არის მთავარი, რისთვისაც ვიცხოვრე და ჯერ კიდევ ვცხოვრობ, – ამბობდა “სარკესთან” ბატონი ვახტანგი.

ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მომღერალმა თავისი ყველაზე დიდი ოცნება გაგვიმხილა:

– მინდა, ჩემი სურვილი გაგიმხილოთ: ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, გვიყვარს სიმღერა, უფლის ნაჩუქარ მიწაზე ვცხოვრობთ და გადავხვიოთ ხელი ერთმანეთს, ვიმღეროთ “მრავალჟამიერი” და ჩვენი თბილი სახლი ავაშენოთ.

Cesko