„ახლა გინდ ქოცი მეძახეთ და გინდა ნაცი… რაც დღეს ანა ნაცვლიშვილმა იკადრა!…” – რას წერს ჟურნალისტი ბერდია კალანდია?

July 1, 07:12
0
7386

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

“ძალიან დიდი ხანია, ჟურნალისტი ვარ და ყოველთვის ყველა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი, რადგან ჟურნალისტის მოვალეობა სწორედ ეს არის, მაგრამ წითელი ხაზი არასოდეს გადამიკვეთია და შვილებს არასოდეს შევხებივარ.

“ოცნებას” ჩემგან კრიტიკა არასოდეს დაკლებია, არც მაშინ, როცა იგივე ანა ნაცვლიშვილი მაინცდამაინც არ აქტიურობდა, მაგრამ ის, რაც ამ ქალბატონმა დღეს იკადრა პარლამენტის ტრიბუნიდან, ამაზრზენი იყო – პოლიტიკური დებატების დროს პრემიერის შვილს შეეხო.

შვილები ხელშეუხებლები არიან, ეს ყველამ უნდა დაამახსოვროს! ისე, ოპოზიციას ვეკითხები, ოცნებას იგივე, რაც ნაცვლიშვილმა იკადრა, სააკაშვილის შვილის მისამართით რომ ეთქვა, გაჩუმდებოდით? არა, ხო? ახლა რატომ დუმხართ? ამოიღეთ ხმა!

პოლიტიკა, რომ ბინძურია, ეს ამბავი სამყაროსავით ძველია, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკაშიც არსებობს ე.წ. “წითელი ხაზები”, რომელთა გადაკვეთასაც, ყველა შეგნებული ადამიანი, თავს მაქსიმალურად აარიდებს.

ერთ-ერთი ასეთი, “წითელი ხაზის” შვილია, ანუ, არსებობს ერთგვარი, “დაუწერელი კანონი”, რომ ოპონენტები ერთმანეთის შვილებს და ასევე, ოჯახებს არ ეხებიან, თუმცა, პრემიერის საპარლამენტო ანგარიშის დროს, ეს “წითელი ხაზი” ანა ნაცვლიშვილმა უხეშად გადაკვეთა. მან, იერიში პირდაპირ, ირაკლი ღარიბაშვილის შვილზე მიიტანა.

ზოგადად, პლიტიკოსი, მით უმეტეს, ქალბატონი, რომელსაც შვილები ჰყავს, ასეთ უმსგავსობას არ უნდა ჰკადრულობდეს, ფაქტია ოპოზიცია “გაკოტრებულია” და ამის გამო ისეა გაცოფებული, რომ ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა! ძალიან “ტეხავს”.

ალბათ, მოვა დრო და ანა ნაცვლიშვილი საკუთარ უკეთურობას მიხვდება, მაგრამ უკვე გვიანი იქნება, რადგან ნათქვამი სიტყვაც, გასროლილი ტყვიასავითაა, რომელსაც უკან ვერ დააბრუნებ!

ახლა გინდ ქოცი მეძახეთ და გინდა ნაცი. შვილი ხელშეხებელია!” – დაწერა კალანდიამ.

Cesko