ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართველი მომღერლები: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია და ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, მათ სოსო პავლიაშვილთან ერთად “სამშობლო” შეასრულეს.
“ჩვენებური უცნაურობის შესაშური სურათ-ხატია რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გავრცელებული სიახლე: “ქართველი მომღერლები მოსკოვში მღერიან. გუშინ.” განა რამე გლობალურს ცვლის მათი ეს სიმღერა, მაგრამ მე მგონია, რომ ცხოვრება დიდწილად უნებლიე სიმბოლურ აქტებს ეფუძნება – რაღა მაინცდამაინც გუშინ და რაღა მაინცდამაინც… მოდი, აღარ გავაგრძელებ: ყოველთვის ვცდილობდი, პერსონალური ლაფისგან ამერიდებინა ნებისმიერი ადამიანი, შეცდომის გამოსწორების შანსის მიცემის მიზნით.
ოთხოზორია რომ მოგვიკლეს, მაშინ დავწერე: ,,გადმოგვირბენენ – მოგვიკლავენ. გადავირბენთ – ვუმღერებთ”.
დღეს კი, როგორც არასდროს – მკაფიო არჩევანია გასაკეთებელი. მკაფიო და ზუსტი.
p.s. ზოგი ამბობს, ძველი კადრებიაო და ძველი როდინდელი? აგვისტოს ომამდე ჩაიწერა? აფხაზეთამდე? თუ 21 წლის ოკუპაციამდე”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.