მოქალაქე ნინო ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მეგობარს, რომელიც სტამბა “რეზონის” თანამშრომელია, დირექტორის მხრიდან 3 წლის განმავლობაში შეურაცხყოფის ატანა უწევდა, ხოლო 2 დღის წინ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. კერძოდ, როგორც ჟორჟოლიანი წერს, მის მეგობარს რეზო რაზმაძემ თავში ჩაარტყა.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ამბავი გავახმაურო, რადგანაც არცერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, რომ სხვასაც არ მოუხდეს იმ უმძიმესი გამოცდილების მიღება, რაც ჩემს მეგობარს გადახდა. ის 2020 წლიდან მუშაობს სტამბა REZON-ში და ამ 3 წლის მანძილზე დირექტორი რეზო რაზმაძე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამახვილებდა ყურადღებას ბავშვობაში მიღებულ დამწვრობაზე.
2 დღის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა თავში და ეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს: რას გავხარ, შე მათხოვარო, წაეთრიე სამსახურიდან, სოფლელო გლეხო, ჩამოთრეულო, მახინჯო”, რისი გადაღებაც ჩემმა მეგობარმა მოახერხა. ჩემი აზრით, ეს არის ამაზრზენი ფაქტი და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარს, ადამიანს, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი წლები მაკავშირებს. იშვიათად მინახავს გვანცა ქველაძეს მსგავსად ერთგული, კეთილი და საყვარელი ადამიანი, რომელსაც ყველაფერში შეგიძლია დაეყრდნო.
ძალიან ვწუხვარ, რომ მას ამ ყველაფრის გადატანა მოუხდა და ვფიქრობ, რომ მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე, თხოვნით მივმართავ ყველა იმ კომპანიას, რომელიც (PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი, ავერსი•Aversi, Pharm House • ფარმსახლი, ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy, Pharmadepot ∙ ფარმადეპო, ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding, lotto.ge • საქართველოს ეროვნული ლატარია, Credo Bank / კრედო ბანკი, Basisbank – ბაზისბანკი, პაშა ბანკი, ReBank I რებანკი) თანამშრომლობს შპს რეზონთან, რომ შეწყვიტოთ თანამშრომლობა, რადგანაც თქვენ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი მოძალადეს აძლიერებს. გარდა ამისა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი” – წერს ნინო ჟორჟოლიანი.
საპასუხო განცხადება გაავრცელა “რეზონის” დირექტორმა, სადაც ამბობს, რომ კომპანიაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ “ხმამაღალ საუბარს და არა ფიზიკურ შეურაცხყოფას”.
ასევე წერს, რომ გვანცა ქველაძე, რომელზეც მოქალაქე ნინო ჟორჟოლიანმა დაწერა, სამსახურიდან 1 თვის წინ გაათავისუფლა, მიზეზად კი ქალის მხრიდან სამუშაო სივრცის არაკეთილსინდისიერად მოპყრობას ასახელებს.
“ვეხმაურები სოციალური ქსელით, სტამბის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარულად გადაღებულ ვიდეო-მასალას. პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, თუკი აღელვების ნიადაგზე თანამშრომელთან არასწორი ფორმით შედგა კომუნიკაცია, წონასწორობა უნდა შემენარჩუნებინა, თუმცა განვმარტავ, რომ მსგავსი რამ ჩემს კომპანიაში არასოდეს მომხდარა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს – არანაირ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას. მინდა, საზოგადოების ინფორმირებისთვის გავაკეთო განმარტება, რომ მოქალაქეები შეცდომაში არ იქნან შეყვანილი.
ხსენებული ქალბატონი, გვანცა ქველაძე, დაახლოებით ერთი თვის წინ, კომპანია „რეზონი”-დან დათხოვილ იქნა საკუთარი სამუშაო სივრცის არაკეთილსინდისიერად მოპყრობის მიზეზით. თუმცა მოგვიანებით, მოვიდა პირადად ჩემთან და დასაქმება მთხოვა, მიზეზად კი კვლავ ჩვენს კომპანიაში მუშაობის სურვილი და საბანკო დავალიანებები დაასახელა. მეც დავთანხმდი. ამ ყველაფრის შემდეგ მსგავსი ვიდეო გადაიღო. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი გვანცა ქველაძე მიზანმიმართულად ცდილობდა ჩემს წყობიდან გამოყვანას და ეჭვი მაქვს, სამსახურში განმეორებით აყვანაც სწორედ ჩემი რეპუტაციის შელახვის მიზნით მთხოვა.
გამომდინარე ჩემი სიმართლიდან, მზად ვარ ნებისმიერი ინსტანციის მიერ (შრომის ინსპექცია, პოლიცია) დასმულ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გავცე, ისევე როგორც ჩემმა თანამშრომლებმა, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ კომპანიაში და არასოდეს, არც ერთ მათგანთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია. ვაპირებ, საკითხს სამართლებრივი მიმდინარეობა მივცე და ჩემი კომპანიის ყოფილ თანამშრომელს რეპუტაციის შელახვისთვის შესაბამისი ფორმით სამართლებრივი პასუხი მოვთხოვო” – ნათქვამია “რეზონის” დირექტორის განცხადებაში.