„უცბად გავიაზრე, შვილი მაინც დამეტოვებინა-მეთქი… პირობის მიცემა აღარ მიყვარს, რადგან ხვალ შეიძლება საერთოდ ვერ გავიღვიძო…” – რას ჰყვება გიორგი გილიგაშვილი იმ მძიმე პერიოდზე, რაც მან გაიარა?

July 30, 22:04
0
1505

გიორგი გილიგაშვილი მძიმე სნეულების დამარცხების შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოღონდ ცოტა განსხვავებულად – შეიცვალა მისი, როგორც ადამიანის შინაარსიც და გარესამყაროს აღქმაც. ბევრ რამეს ახლა კიდევ უფრო მეტად აკვირდება და უყურებს, თუმცა არსებობს ერთი მთავარი ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს მაშინ ეუბნება, როცა მძიმე ფიქრებისკენ გაურბის გონება…

“დავიწყებ იმით, რომ „ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი/ მწამს, რომ ყოველი არის უფლის ნება/ მე შეგიყვარებთ, აღარ დავიცდი/ ლაღი იქნება ხვალ გათენება…/ ჩვენ შევიყვაროთ, ნუღა დავიცდით/ ლაღი იქნება ხვალ გათენება”. ამ ლექსით ვამჟღავნებ, როგორია ზოგადად გარემოს მიმართ ჩემი შინამო. არანაირი განსაცდელი არ დაიშვება უფლის ნების გარეშე. უფალი ამბობს: „გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ მე შენთანა ვარ”. თუ უფალი ჩემთან არის, როგორ შეიძლება, მოვიწყინო, დავნაღვლიანდე? თუნდაც ეს სნეულება განუკურნებელი ყოფილიყო, უფლისთვის არაფერია შეუძლებელი. რადგან მე უკვე გავიარე სირთულეები, მსურს, კარგად გავიაზრო, რა მოხდა. იმ ადამიანებს, ვინც ახლა არის სნეულებაში, მინდა ვუთხრა, რაც უნდა მტკივნეული იყოს, სიყვარულით მიიღონ განსაცდელი. ტკივილის შედეგად განცდილი სიხარულის შესახებ მინდა ვისაუბრო. ტკივილის შეგრძნება იხშობა იქ, სადაც წარმოიშობა მიმღებლობა სიყვარულით. როცა გახსოვს, შენ ეს დაგემართა ცოდვის საპირწონედ, არ უნდა გქონდეს პრეტენზია, – შენ რომ გულზე ჯვარი გაქვს შემოსილი, იმ ღმერთკაცმა, ქრისტემ, ცოდვა არ ჩაუდენია და მთელი ტკივილები განიცადა და საკუთარ თავზე აიღო. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოლომდე აქვს გააზრებული, რა ტკივილები განიცადა ქრისტემ. რა თქმა უნდა, არც მე. უნდა გაიაზრო, რატომ დაგემართა შენ… არც ერთი მიზეზი არ იყო იმისთვის, რომ ღმერთი ჯვარს გვეცვა, მაგრამ ასე მოხდა. 33 წლის ასაკში რომ მეწვია ეს სნეულება სიყვარულით, გულში სულ მჯეროდა, თუკი ვამბობ, რომ ქრისტეს მხედარი ვარ და მისი წინამძღოლობით დავამარცხებ ყველა განსაცდელს, მენიშნა, რომ უფალი ჩემთან არის და ამ პატარა ჭრილობებმა და ნაიარევებმა, რაც ჩემს სხეულს აქვს, ჩემი სულის ნაიარევები განწმინდა… სინანულიც სხვაგვარი მომეცა, სიხარულსაც სხვაგვარად ვგრძნობ, ძალიან ბევრი რამ ჩემს თავში უფრო გავამძაფრე… დამეხმარა ჩემი თავის კიდევ უფრო კარგად შეცნობაში. ყველა განსაცდელი უნდა გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და ღვთის შემეცნებისთვის… ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფლის შვილები ვართ… წარმოიდგინეთ, მამა რომ თანამდებობის პირი გყავს, როგორი დადიხარ ქალაქში, რადგან იცი, რომ ნებისმიერ დროს გადაგეფარება, წარმოიდგინე, რომ გავიაზროთ, უფლის შვილები ვართ, როგორი ბრექით ვივლიდით, მაგრამ მეორე მხრივ, როცა გაგვახსენდება, როგორი თავმდაბალია მამა, ათვითცნობიერებ, რომ მედიდურობა არ არის მისი წესი…

უცბად გავიაზრე, შვილი მაინც დამეტოვებინა-მეთქი. ეს არ არის კარგი ფიქრები, რადგან მცირედ მორწმუნეობას ნიშნავს. ისევ დავრჩი ყოფითი ფიქრების ამარა. ამდენი შვილია გასაზრდელი ჩემს დედამიწაზე და შენ მაინც ეგოისტურად ფიქრობ, ჩემი შვილი, ჩემი შვილიო… შვილამდე ჩემს სიმღერებზე განვიცადე, რადგან ისინი არიან ჩემი შვილები. რაც დაწერილი მაქვს და ალბათ, ისე არ გავალ ამ წუთისოფლიდან, რომ არ ჩავწერო, ვფიქრობდი, მოვასწრებ მათ ჩაწერას-მეთქი? არ მინდოდა მათი დაკარგვა. სიმღერების ფიქრებმა რომ გადაიარა, ჩავუღრმავდი აზრებს და შვილზე დავფიქრდი. 21 ნათლული მყავს, საკუთარი შვილი – ჯერ არა.. ამაზე რომ დავიწყე ფიქრი, ე.ი. ისევ არ ვენდობი უფალს? თუ უფლის ნება იქნება, გეყოლება, ჩაწერ სიმღერებს, ყველაფერი ლეგენდარულად იქნება. თუ არა, „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა”. ამიტომ ამ დროის დამკარგავი ფიქრებისგან გავთავისუფლდი. სულ ვამბობ: იყოს ნება შენი, უფალო!..

როგორც კი ეს ფიქრები შემოვიდა, გავაძლიერე ლოცვა და განვდევნე ეს ფიქრები ჩემგან. ადამიანები ვიღაცებზე ვამყარებთ იმედებს, რაც ჩვენივე შეცდომაა. პირდაპირ წერია სახარებაში: „წყეული არს კაცი კაცის მოიმედე”. შენნაირი მოკვდავი ადამიანის იმედი პირველ რიგში, არ უნდა გქონდეს, ღმერთის იმედი უნდა იყოს უპირატესი. ჰოლივუდში ვისაც სიამოვნებით გავიცნობდი, ეს დენზელ ვაშინგტონია, რადგან ღირსეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი სიტყვებია, მგონი, „ღმერთს დაუთმე ყველა საქმეში პირველობა და ის საქმე ძალიან კარგად დასრულდება”. როცა მქონდა თითქოს ვიღაცების იმედი და შემოვიდა ბოროტი აზრები ჩემში, აბა, ამის იმედი რომ გქონდა, როგორ მოიქცევა-მეთქი, ერთ დღეს ვთქვი: დიდება უფალო, შენს სახელს, იყოს ნება შენი და ეს აზრები მყისვე განვდევნე. შეიძლება, ძალიან მტკენოდა გული. შეიძლება, მას, ვისაც ჩემი იმედი აქვს, ასევე ეტკინოს გული. პირობის მიცემა აღარ მიყვარს, რადგან ხვალ შეიძლება, ვერ ვიღვიძებ საერთოდ, გავყვე უფალს… როცა მეკითხებიან, ხომ მოხვალ? ღმერთით-მეთქი, ვპასუხობ, ვუდასტურებ სიყვარულს, მაგრამ ახლა ვერაფერს დაგპირდები-მეთქი…” ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

წყარო: fortuna.ge

Cesko