„რა დღეში ჩამაგდეს…” – რას ამბობს თემურ ჭყონია, რომელიც უდიდესი სკანდალის შემდეგ იხტიბარს არ იტეხს და თავისას ისევ ჯიქურ აწვება

June 16, 21:37
0
1530

„მაკდონალდსის” მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს არის კომპანიის „დირექტორის კატასტროფული მოქმედება”.

„ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს…

განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს – არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა…

მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი”, – ამბობს ჭყონია.

მანვე აღნიშნა, რომ განცხადება, რომელშიც კომპანია ბოდიშს იხდიდა, მისი მოთხოვნით წაიშალა „ფეისბუკიდან”.

დღეს, 16 ივნისს კი კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ “მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას”.

რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი.

Cesko