როგორც იცით, პირველი ივნისიდან საავტობუსო ზოლში დაშვებულები არიან A კატეგორიის, არაუმეტეს 10 წლის ასაკის ტაქსები, რომლებზეც ეტაპობრივად გაიცემა მაიდენტიფიცირებელი სტიკერები. დღეისათვის გაცემულია ჯამში 1500-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში.
„მინდა, ტაქსის მძღოლებს მივმართო, რომ საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის სავალდებულოა, როგორც ზემოაღნიშნული სტიკერის, ასევე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანათობლის გამოყენება, ვინაიდან დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დაჯარიმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება იმის გამო, რომ ჰქონდა სტიკერი, მაგრამ არ ჰქონდა განთავსებული მანათობელი ან პირიქით – განთავსებული ჰქონდა მანათობელი, მაგრამ არ ჰქონდა გაკრული სტიკერი. ეს ორივე დეტალი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დაჯარიმდეს ტაქსი.
როგორც გითხარით, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი სტიკერი გაიცემა. დღეის მდგომარეობით, ჯამში ფიქსირდება 3500 ავტომანქანა, რომელზეც შეიძლება დაშვებული იყოს საავტობუსო ზოლში.
რაც შეეხება QR კოდებს, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით მგზავრს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე. გადახდის ეს გზა კომფორტულია ორივე მხარისთვის, ამიტომ, მინდა მოვუწოდო ტაქსის მძღოლებს, აქტიურად დანერგონ საკუთარ ავტომანქანებში ელექტრონული გადახდის მეთოდები“, – აცხადებს კალაძე.