მაისში ამერიკული დიპლომატიის პატრიარქს ჰენრი კისინჯერს, რომელიც იმავდროულად „რეალპოლიტიკის“ ფუძემდებელია, 100 წელი შეუსრულდა. იუბილეს წინ ჟურნალმა „ეკონომისტმა“ მასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სწორედ ეს ინტერვიუ გახდა მიზეზი იმისა, რომ „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ ქართველ დიპლომატს, საქართველოს ყოფილ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, თედო ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელსაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჰერნი კისინჯერთან ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა. მან ამ თემაზე მასალის მომზადება იუარა, მაგრამ შემდეგ შემოგვთავაზა კისინჯერის უახლოეს თანამოაზრესთან ტომას გრემთან ინტერვიუს ჩაწერა.
კონსულტაციების შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე შედგა საუბარი-დიალოგი დიდი ხნის ნაცნობებს – ტომას გრემსა და თედო ჯაფარიძეს შორის. „ინტერპრესნიუსმა“ მათი საუბარი ჩაიწერა, რისთვისაც მადლობას უხდის თედო ჯაფარიძეს მასალის მომზადებაში დახმარებისათვის.
– ტომას, ერთმანეთს 1994 წლიდან ვიცნობთ. სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ თეთრ სახლში შენი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, უამრავჯერ გვისაუბრია, – განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჰენრი კისინჯერის ჯგუფს შეუერთდი.
საქართველო ყოველთვის გაინტერესებდა და ცდილობდი, ჩვენი ქვეყნის პრობლემები ჰენრი კისინჯერის ყურამდე მიგეტანა; გვეხმარებოდი მასთან შეხვედრების ორგანიზებაში, რაც იოლი არ იყო – კისინჯერთან შეხვედრა ხომ მთელ მსოფლიოს სურდა. მახსენდება 2018 წელს, ნიუ-იორკში, კისინჯერის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა და მათი სტრატეგიული მსჯელობა მსოფლიო პოლიტიკაზე, საქართველოს ადგილსა და მომავალზე.
მოგეხსენება, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბევრი ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკა და “რეალპოლიტიკა” იმ გაგებით, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებობდა, აღარ არსებობს.
აშშ, ევროკავშირი და ნატო 15 თვეა ეხმარებიან უკრაინას, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან. როგორ დაახასიათებდი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში ჩამოყალიბებულ რეალობას?
– უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გლობალური გეოპოლიტიკური რეალიები მართლაც არსობრივად შეცვალა. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა უფრო ერთიანი გახდა, ვიდრე ამას ბოლო ათწლეულებში ვხედავდით და სწრაფად აღიდგინა ძალები იმ გაურკვევლობის შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ევროპელი მოკავშირეების მიმართ ამრეზით ყურებამ შექმნა.
ნატო პირვანდელ მისიას – რუსეთის შეკავებას დაუბრუნდა. პუტინის აგრესია ასევე ასუსტებს რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამაზე ალბათ კიდევ ვისაუბრებთ.
(უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გლობალური გეოპოლიტიკური რეალიები მართლაც არსობრივად შეცვალა. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა უფრო ერთიანი გახდა, ვიდრე ამას ბოლო ათწლეულებში ვხედავდით და სწრაფად აღიდგინა ძალები იმ გაურკვევლობის შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ევროპელი მოკავშირეების მიმართ ამრეზით ყურებამ შექმნა
უფრო ფართო კონტექსტში, რუსეთმა გაააქტიურა დიპლომატია ე.წ. გლობალურ სამხრეთში, თუმცა, რეალურად, ჩინეთი და აშშ უფრო აქტიურნი არიან და გაცილებით დიდი გავლენა აქვთ ამ რეგიონზე, ვიდრე – რუსეთს.
ეს ქვეყნები, მართალია, დასავლურ სანქციებს არ მიუერთდნენ, მაგრამ არც რუსეთს ეხმარებიან. დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ჩინეთთან დაახლოება გამოიწვია და გაზარდა მასზე ეკონომიკური და დიპლომატიური დამოკიდებულება. რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ დაახლოებას პუტინი უდიდეს მიღწევად წარმოაჩენს. რეალურად კი, ჩინეთი უფროსი პარტნიორია და, ძალისა და ეკონომიკური სიძლიერის კუთხით, ასიმეტრია ჩინეთის მხარესაა.
რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ დაახლოებას პუტინი უდიდეს მიღწევად წარმოაჩენს. რეალურად კი, ჩინეთი უფროსი პარტნიორია და, ძალისა და ეკონომიკური სიძლიერის კუთხით, ასიმეტრია ჩინეთის მხარესაა
დროთა განმავლობაში, რუსეთმა, შესაძლოა, სტრატეგიული ავტონომიაც კი დაკარგოს. რუსეთის აგრესიამ გააუარესა საერთაშორისო ვითარება და გაართულა გეოპოლიტიკური პრობლემები.
– აშშ-ისა და ევროპის უპრეცედენტო კონსოლიდაციის მიუხედავად, ბევრი ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა და კრემლმა უკრაინა-რუსეთის ომის შედეგებზე უკვე “მოილაპარაკეს”.
ბევრიც – და არამარტო რუსეთში – იმედოვნებს, რომ როგორც კი დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, კიევი იძულებული გახდება, კრემლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდეს.
პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ მოსაზრებებს არ ვიზიარებ. რას ეტყოდი მათ, ვისაც ამ ყველაფრის სჯერა?
– ვაშინგტონსა და კრემლს შორის ომის შედეგებზე რაიმე სახის შეთანხმების ნიშნებს ვერ ვხედავ. მხარეები დღეს ძალიან ცოტა რამეზე თანხმდებიან და, რასაკვირველია, ეს ომის შედეგებს არ ეხება.
აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია მინიმუმამდეა დასული. უფრო მეტიც, აშშ-ის ადმინისტრაციას მცირედითაც არ მიუნიშნებია, რომ კიევის დახმარებას შეწყვეტს ან ამისკენ მოკავშირეებს უბიძგებს. აშშ-ში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გაცილებით გართულდება კონგრესის მხრიდან ფინანსური ხარჯების ავტორიზება.
აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია მინიმუმამდეა დასული. უფრო მეტიც, აშშ-ის ადმინისტრაციას მცირედითაც არ მიუნიშნებია, რომ კიევის დახმარებას შეწყვეტს ან ამისკენ მოკავშირეებს უბიძგებს
კონგრესში უმრავლესობას ახლა რესპუბლიკელები ფლობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ უფრო სკრუპულოზურად შეისწავლიან ადმინისტრაციის ფინანსური ხარჯების მოთხოვნას, ვიდრე ამას დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესი აკეთებდა.
ამის მიუხედავად, კონგრესსა და სენატშიც უკრაინის დახმარების საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ადმინისტრაცია თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალში მათ მიერ მოთხოვნილი დახმარება დამტკიცდება.
კონგრესსა და სენატშიც უკრაინის დახმარების საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ადმინისტრაცია თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალში მათ მიერ მოთხოვნილი დახმარება დამტკიცდება
რუსეთის სამშვიდობო წინადადება, დღევანდელი სახით, ვაშინგტონისათვის სრულიად მიუღებელია, რადგან ის დააკანონებს სწორედ იმას, რასაც აშშ და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის უკანონო მიტაცებად აღიქვამს.
ვაშინგტონი მოწოდებულია, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ტერიტორია არ მიიღოს. წესებზე დამყარებული წესრიგი ძირითადი ფუნდამენტია, რომლის ლიდერადაც აშშ გვევლინება.
ვაშინგტონი მოწოდებულია, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ტერიტორია არ მიიღოს. წესებზე დამყარებული წესრიგი ძირითადი ფუნდამენტია, რომლის ლიდერადაც აშშ გვევლინება
– ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგობის ფონზე, იკვეთება ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის კონტურები, ნატოს ეგიდით.
ბევრს საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების სხვადასხვა სცენარზეც. როგორი შეიძლება იყოს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ყველაზე სავარაუდო სცენარი? როგორ წარმოგიდგენია ახალი, დიდი ევროპისა და ნატოს ეგიდით უსაფრთხოების ახალი სისტემის კონტურები?
– დიდი ალბათობით, ომი რუსეთის ან უკრაინის სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება. გარკვეულ ეტაპზე, როცა ორივე მხარე სამხედრო რესურსებს ამოწურავს ან დაასკვნის, რომ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებით, წინ ვეღარ წაიწევს, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაც შედგება, რომელსაც, ალბათ, მოჰყვება უფრო ფართო შეთანხმება კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა დრო დასჭირდება მის ჩამოყალიბებას, რთული სათქმელია. მინიმუმ, ნატო გაცილებით დიდი იქნება, ფინეთის, შვედეთისა და, სავარაუდოდ, ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნის ჩათვლით.
როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა დრო დასჭირდება მის ჩამოყალიბებას, რთული სათქმელია. მინიმუმ, ნატო გაცილებით დიდი იქნება, ფინეთის, შვედეთისა და, სავარაუდოდ, ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნის ჩათვლით
ნატო-ს ცალკეული წევრები, ალბათ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორების როლში მოგვევლინებიან, თუმცა ახლო მომავალში უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება, განსაკუთრებით, რუსეთთან კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის გარეშე.
ნატოს წევრების უმრავლესობას ეშინია, რომ უკრაინის ნატოში მიღებით, კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის გამო, ისინი რუსეთთან უშუალო ომში აღმოჩნდებიან ჩათრეული. მათ გაცილებით ურჩევნიათ არსებული მდგომარეობა, როცა ეხმარებიან უკრაინას და რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ის მარტოა ჩართული.
ნატო-ს ცალკეული წევრები, ალბათ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორების როლში მოგვევლინებიან, თუმცა ახლო მომავალში უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება, განსაკუთრებით, რუსეთთან კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყევტის გარეშე
ნაკლებად სავარაუდოა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ნატოს გაფართოება, ასევე ნატოს ინდივიდუალური წევრების მხრიდან რომელიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყნისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
ნატო გააძლიერებს თავდაცვის შესაძლებლობებს და დამატებით შენაერთებს განალაგებს ნატო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, რომელიც ახლა არქტიკიდან შავ ზღვამდეა გადაჭიმული.
ნაკლებად სავარაუდოა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ნატოს გაფართოება, ასევე ნატოს ინდივიდუალური წევრების მხრიდან რომელიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყნისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა
ძირითადი ყურადღება ნატოს წევრი ქვეყნების რუსეთისაგან დაცვაზე იქნება მიმართული და რუსეთი ამ უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი არ გახდება. დროთა განმავლობაში, გაჟღერდება მოწოდებები, რომ რუსეთი როგორღაც ჩართონ ამ არქიტექტურაში, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, როგორ მოხდება ამის განხორციელება.
– უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესები მძიმედ და მტკივნეულად ვითარდება. მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
კრემლი ცდილობს, არ დაკარგოს კონტროლი ამ სივრცეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხში მას, ჩინეთის სახით, კონკურენტი ჰყავს. აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვნადა შეიცვალა ვითარება სამხრეთ კავკასიაში. გაიზარდა თურქეთის როლი.
თუ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, აშკარაა, რომ რუსეთის როლი კავკასიაში კიდევ უფრო შემცირდება. უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, როგორ შეაფასებდი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ვითარებას?
– უკრაინის ომმა პოსტსაბჭოთა სივრცის დინამიკა მთლიანად რუსეთის საზიანოდ შეცვალა. რუსეთმა დაკარგა უკრაინა, სულ მცირე, ერთი თაობის ვადით, რადგან კონფლიქტმა უკრაინელებში ეროვნული იდენტობის შეგრძნება განამტკიცა და გააძლიერა მათი სურვილი, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რუსეთთან კავშირი და მომავალი ევროპას დაუკავშირონ.
მოლდოვას ასევე ევროპული მომავალი აქვს და რუსეთისათვის ძალიან რთული იქნება გავლენის შენარჩუნება დნესტრისპირეთში, რომელიც “პროევროპული” ტერიტორიებით იქნება გარშემორტყმული.
საქართველომ უნდა მოახერხოს და იპოვოს რუსეთთან თანაცხოვრების გზა, წარსული აგრესიისა და იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას კვლავაც აგრძელებს. საქართველომ ასევე რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით
თურქეთი უკვე აძლიერებს გავლენას კავკასიაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რუსეთის შესუსტების ხარჯზე. იმავდროულად, ცენტრალურ აზიაში სწრაფად იზრდება ჩინეთის გავლენა, სადაც უფრთხიან მოსკოვის ექსპანსიონისტურ ამბიციებს, განსაკუთრებით ყაზახეთში.
ამგვარად, ბედის ირონიით, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გაზრდის მცდელობას, მოსკოვისთვის საპირისპირო შედეგი ექნება.
– წელიწადზე მეტია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ “გლობალურ ძალებზე”, რომლებიც საქართველოს “ომში ჩათრევას” ცდილობენ.
პირდაპირ თუ ირიბად, ისინი აშშ-ზე მიანიშნებენ. როგორ ფიქრობ, აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩათრევით? რა დგას ამ განცხადებების უკან?
– შეერთებულ შტატებს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და, გნებავთ, “მეორე ფრონტი” გაიხსნას. პირიქით, ის თავიდანვე ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავდა, რათა შეემცირებინა ესკალაციის რისკი როგორც ვერტიკალურად – ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით – ასევე ჰორიზონტალურად – მისი სხვა ქვეყნებზე გავრცელებით.
უკრაინის ომმა პოსტსაბჭოთა სივრცის დინამიკა მთლიანად რუსეთის საზიანოდ შეცვალა… რუსეთისათვის ძალიან რთული იქნება გავლენის შენარჩუნება დნესტრისპირეთში… რომელიც “პროევროპული” ტერიტორიებით იქნება გარშემორტყმული… თურქეთი უკვე აძლიერებს გავლენას კავკასიაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რუსეთის შესუსტების ხარჯზე… ცენტრალურ აზიაში სწრაფად იზრდება ჩინეთის გავლენა… ბედის ირონიით, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გაზრდის მცდელობას, მოსკოვისთვის საპირისპირო შედეგი უკვე აქვს, რაც სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, უფრო გაღრმავდება
აშშ-ის მიზანი იყო, არ დაეშვა კონფლიქტის ფართო არეალზე გავრცელება. შესაძლოა, ვიღაცები – აშშ-ში ან სხვაგანაც – საქართველოს მოუწოდებენ, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ვინც ამას ამტკიცებს, ერთმანეთისაგან უნდა გაარჩიოს კერძო პირები ამერიკიდან და “კოლექტიური დასავლეთის” მიერ წარმოებული პოლიტიკა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ დაინტერესებული არ არის ამ კონფლიქტის სხვა ქვეყნებზე გავრცელებით.
– რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, წინააღმდეგობრივად ვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში. მსოფლიოს ბევრი საფიქრალი აქვს, მაგრამ ჩვენ საქართველოს უსაფრთხო მომავალი გვაინტერესებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა, რასაც ჩვენი საზოგადოების 80%-ზე მეტი ეთანხმება.
ქვეყანა პრაქტიკულად ევროკავშირის ზღუბრთან იმყოფება, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ვერ ხერხდება. ნატოს მოახლოებული სამიტის წინ, ასევე ვერ ვხედავთ ხელისუფლების შედეგებზე ორიენტირებულ ნაბიჯებს.
ყოველ შემთხვევაში, ასე აფასებენ ვითარებას ხელისუფლების ოპონენტები. ამ ვითარებაში, როცა დასავლეთი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შემცირებას ცდილობს, საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის დინამიკა მნიშვნელოვნად იზრდება. საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ვაჭრობაც იზრდება.
ხელისუფლების ოპონენტები და საქართველოს დასავლელი მხარდამჭერები ყურადღებას ამახვილებენ მმართველი გუნდის მზარდ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკაზე. ოპონენტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არა ევროკავშირისა და ევროპის მიმართულებით მოძრაობს, არამედ გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. როგორ შეაფასებდი მოვლენების ამგვარ განვითარებას?
– მოვლენების ეს განვითარება ახალი ნამდვილად არ არის. მისი საწყისი ორი ათწლეულის წინ მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ საბოლოო წარუმატებლობაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა და ვერ გაზარდა მოსახლეობის კეთილდღეობა, ვერ ალაგმა კორუფცია და საქართველო ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მყარად ვერ დააყენა, თუმცა ამ ყველაფრისადმი მოლოდინი თავად საქართველოში და მის გარეთ დიდი იყო.. გეოგრაფიამ თავისი როლი ითამაშა.
შეერთებულ შტატებს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში
საქართველო რუსეთის უშუალო მეზობელია და ევროპისაგან შორსაა. რუსეთთან დიდხანს ყოფნამ ისეთი კავშირები შექმნა, რომელთა გაწყვეტაც რთულია, მითუმეტეს, როცა ევროპელები საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მერყევ პოზიციას იჩენდნენ.
ამ პირობებში, თითქმის გარდაუვალი იყო, რომ ამას საქართველოს დასავლური გზის მიმართ მძლავრი უკურეაქცია და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის სურვილის გაძლიერება მოჰყვებოდა.
– რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მსურველთა რიცხვი საკამათო სოციოლოგიაა ისევე, როგორც რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა.
მე მაინტერესებს – და ამაზე ბევრი გვისაუბრია და გვიკამათია – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო რუსეთთან მიმართებაში, კონკრეტულად პუტინის რუსეთთან მიმართებაში?
ჩვენი გაგებით, საქართველოს ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობები ესაჭიროება, მათ შორის რუსეთთანაც, თუმცა მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებამდე საქართველოსათვის უდიდესი პრობლემის – ოკუპირებული ტერიტორიების – საკითხი უნდა მოგვარდეს.
ამიტომ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ “ფარდის” სწორ მხარეს აღმოჩნდეს?
– საქართველო საშიშ სამეზობლოში მდებარეობს. საქართველომ უნდა მოახერხოს და იპოვოს რუსეთთან თანაცხოვრების გზა, წარსული აგრესიისა და იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას კვლავაც აგრძელებს. საქართველომ ასევე რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
გასაგებია ამ მიწების დაბრუნების სურვილი, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს სჭირდება ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი აკონტროლებს. ლიდერები დაკარგული ტერიტორიების ფაქტორს ხშირად იყენებენ ნაციონალისტური სენტიმენტების გასაღვივებლად, რათა საშინაო პოლიტიკაში წარუმატებლობა გადაფარონ, რაც, სინამდვილეში, ქვეყნის მომავლისათვის დამღუპველია.
თითქმის გარდაუვალი იყო, რომ ამას საქართველოს დასავლური გზის მიმართ მძლავრი უკურეაქცია და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის სურვილის გაძლიერება მოჰყვებოდა
მომდევნო ათწლეულებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური გზა არ არსებობს. ასე რომ, ქვეყანა მკაცრი არჩევანის წინაშე დგას – რაზე დახარჯოს ენერგია და რესურსები – შორეულ ოცნებებსა თუ ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე, რომლითაც იამაყებს. ათწლეულების წინ, მსგავსი არჩევანის წინაშე მდგარმა ფინელებმა, სწორედ მეორე არჩიეს.
– რადგან დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებს ლეგენდარულ ჰენრი კისინჯერთან, შეგიძლია დაგვეხმარო მისი ზოგიერთი მოსაზრების გაგებაში, რომლებიც ჟურნალ “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში გამოთქვა?
გვესმის, რომ მისი მოსაზრება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე აშშ-ის ხელმძღვანელობისა და დასავლეთის ამჟამინდელ პოზიციას არ შეესაბამება. ისიც მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები და მოიაზრება თუ არა ამ ტერიტორიებში ყირიმიც?
– დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას და კვლავაც გააგრძელებს მის მხარდაჭერას, რათა მან აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, ყირიმის ჩათვლითაც.
თუმცა, ამ პროცესის კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრავთ და არც იმგვარი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გამოურიცხავთ, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილს გარკვეული ხნით რუსეთის კონტროლქვეშ დატოვებს. არ გამოურიცხავთ იმის შესაძლებლობაც, რომ უკრაინა დათანხმდეს ტერიტორიის ნაწილის, მაგალითად ყირიმის, დათმობაზე.
ყირიმთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სცენარის ალბათობა. ის, თუ რომელი მათგანი განხორციელდება რეალობაში, ომის მსვლელობაზეა დამოკიდებული
შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ყირიმის სტატუსი რეფერენდუმით განისაზღვროს, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ჩაატარებენ და რომელიც თავისუფალ და სამართლიანი გარემოში გაიმართება.
ყირიმის დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, რეფერენდუმის შემთხვევაში, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება. ანუ, ყირიმთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სცენარის ალბათობა. ის, თუ რომელი მათგანი განხორციელდება რეალობაში, ომის მსვლელობაზეა დამოკიდებული, ასევე რუსეთის, უკრაინისა და დასავლეთის მოლოდინზე მომავალი გამოწვევების მიმართ და ომის გაგრძელებისა და კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაზე.
– კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია გულდათუთქული ქართველი პატრიოტებისათვის.
თუკი მსოფლიოს ჩვენს ნაწილს შევხედავთ, რომელსაც ახლა „ახალ ევროპად“ ან „ფართო ევროპად“ მოიხსენიებენ, რა ინტერესები აქვს ვაშინგტონს საქართველოში, – ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი, ჰელფორდ მაკინდერის ცნობილ გეოგრაფიულ- გეოპოლიტიკურ ტერმინს თუ მიუსადაგებთ, “განსაკუთრებული გეოგრაფია” აქვს, ასევე რეგიონული “რეალპოლიტიკის” გათვალისწინებით, საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა იმპერიებისა და რეგიონული ძალების ქიშპობის, მათი ინტერესების გადაკვეთის ეპიცენტრში იყო?
რა სტრატეგიული ინტერესი აქვს აშშ-ს საქართველოში?
რა არის საქართველოს ღირებულება და რატომ ხარჯავს ძალისხმევას აშშ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აგერ უკვე 30 წელზე მეტია, ასევე არასოდეს ტოვებს მას პირისპირ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში?
როგორ განვითარდა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? შეიცვალა თუ არა ამერიკის ინტერესები უკრაინის ომის შემდეგ და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ წესრიგს სამხრეთ კავკასიაში?
– შეერთებული შტატების ინტერესებმა საქართველოს და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის მიმართ, “ცივი ომის” შემდეგ გრძელი გზა განვლო. ინტერესის პიკი ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის პერიოდში იყო, რომელიც საქართველოს მთავარ რგოლად მოიაზრებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში, რომლითაც ავღანეთის კონტრტერორისტული ოპერაციისათვის ტვირთები უნდა მიეწოდებინა.
ასევე რომლის გავლითაც შესაძლებელი იყო კასპიის აუზიდან, რუსეთის გვერდის ავლით, გაზისა და ნავთობის დასავლეთით ტრანსპორტირება.
აშშ-თვის საქართველო პრიორიტეტი აღარ არის, თუმცა, პოლიტიკის თვალსაზრისით, შეერთებული შტატები კვლავ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს
მას შემდეგ აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ შესუსტდა. აშშ-თვის საქართველო პრიორიტეტი აღარ არის, თუმცა, პოლიტიკის თვალსაზრისით, შეერთებული შტატები კვლავ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს.
ამერიკის ინტერესები არ შეცვლილა უკრაინაში ომის შემდეგ. თუმცა, უკრაინაზე ყურადღების გადატანამ საქართველოსა და კავკასიის მიმართ ყურადღება შეასუსტა.
ძნელია რაიმეს წინასწარმეტყველება რეგიონთან მიმართებაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად კავკასიის სახელმწიფოები და რეგიონული მოთამაშეები, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ირანი, მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებიან, ვიდრე – აშშ.
საუბარი ჩაიწერა “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა კობა ბენდელიანმა
P.S. ბატონ ტომას გრემის თხოვნით რედაქცია აღნიშნავს, რომ „ინტერვიუში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება მხოლოდ მისი, ბატონი გრემის პირადი შეფასებაა და არ გამოხატავს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას”.