“ბატონო ლევან, გადმოდი ქრისტეს გზაზე. მიაფურთხე სატანას. ემსახურე შენს სამშობლოს და შენს ხალხს. ხელისუფლება და ხალხი ამას დაგიფასებს”- გრიგოლ ონიანი

June 3, 20:08
0
1997

მექანიკური გენიოსი
(ლევან ბერძენიშვილს)

ჟურნალისტმა ლევან ბერძენიშვილს ჰკითხა:
-მასტერას“ თუ მოუსმინეთ რომ გაგრეპათო?
ბატონმა ლევანმა უპასუხა:
-მე ბეთჰოვენს ვუსმენო.
იმავე ჟურნალისტს რომ ეკითხა ბატონ ლევანისთვის გრიშა ონიანის კრიტიკული წერილი თუ წაიკითხეთ თქვენზეო, სავარაუდოდ ასე უპასუხებდა:
-მე კამიუს ვკითხულობო.
მართალიც იქნებოდა.
ბატონი ლევანი მაღალ თაროებიდან იღებს საჭირო მასალებს, ჩვენ კი წიგნის თაროების დაბალ უჯრებიდან და განსხვავებასაც სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს შორის.
მე მკაცრად გავაკრიტიკე ბატონი ლევანი ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურის“ გარჩევის გამო, სადაც ჩემს თავს მართლად მივიჩნევ, მაგრამ შაბათ დილით, 3 ივნისს, როდესაც ყურსასმენით ლოგინში იუთუბიდან ვისმენდი ბატონ ლევანის ლექციას ნიურნბერგის პროცესზე, სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი.
ნიურნბერგის იუსტიციის სახლში, სადაც ხალხთა სამსჯავრო გაიმართა, ერთი კვირის განმავლობაში არქივში თუ სასახლის სადემონსტრაციო დარბაზებში დოკუმენტური ფილმების საშუალებით, უშუალოდ ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი იმჟამინდელ პროცესის მიმდინარეობას, რომელიც შემდგომ ჩემს წიგნებშიც ავსახე.
არ ვიცი ბატონი ლევანი წლოვანებიდან გამომდინარე იჯდა თუ არა N 600 ოთახში, სადაც უშუალოდ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ მე ბევრად მეტი გავიგე მისი 30 წუთიანი ლექციის მოსმენით, ვიდრე ჩემი ერთი კვირის თავაუღებელი მუშაობის შედეგად.
და აი, ახლა 3 ივნისს, ვზივარ ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ვაანალიზებ როგორც მოსმენილს, ისე მომხსენებლის პიროვნებას, რომელმაც შემეცნების სრულიად ახალი სამყარო გამიხსნა.
ლევან ბერძენიშვილი – ადამიანის გონებით თვითნაკეთი, გონივრული მანქანა, რომელიც მრავალ ფუნქციურია. როდესაც მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ინტერნეტის ამ ურთულეს პროგრამებს ამუშავებდა, თვითონვე იცოდნენ, რომ მათი შრომის შედეგი დასრულებული არ იქნებოდა. ეს კომპიუტერული სისტემა, რაც გამოგონილია, იმისთვის იყო საჭირო, რომ ამ ურთულესი გამოთვლითი მანქანით შექმნილიყო სრულფასოვანი მოაზროვნე, გონიერი მექანიზმი, რომელიც მიუახლოვდებოდა ადამიანის სააზროვნო პოტენციალის გარკვეულ პროცენტს. ჩემი აზრით, მეცნიერებს სურდათ შეექმნათ მექანიკური ლევან ბერძენიშვილი. მეცნიერულად რომ ვთქვათ, „მექანიკური გენიოსი“.
ვერავინ უარყოფს, ბატონ ლევანის გენიალურობას, მისი საუბრის დამაჯერებლობას, მის ინტელექტს, მაგრამ სერიოზული ეჭვი მეპარება მისი კოსმოპოლიტიზმის ცნების განმარტების სისწორეში და ამ კუთხით ვაჟა-ფშაველას გაკრიტიკებაში, ერეკლე მეფის ღალატში, მარად ცოცხალ ლეგენდად დარჩენილ ლადო ასათიანის მკვდრად შობილობაში, ქართული რომანტიზმის გვირგვინის „კრწანისის ყაყაჩოების“ უფერულობაში, ქართველი ხალხის კანიბალიზმში, რომელსაც მასწავლებლები ლევან ბერძენიშვილის გავლენით დაწყებით კლასებშიც კი ესაუბრებიან პატარა ბავშვებს.
ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონ ლევანს სძულს საქართველო, სძულს მისი წარსული, სძულს მისი სახელოვანი ადამიანები. აქვს კი ამის საფუძველი? ალბათ აქვს.
ლევან ბერძენიშვილის სალექციო კურსს არ უნდა ერქვას „ქუჩის აკადემია“, მას არ უნდა აფინანსებდეს ლგბტ-ს თემი. მისი ლოგო არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის აალებული ჩირაღდანი. რომელშიც ასხია კუპრი და მისი შავი ბოლით იწამლება მთელი ატმოსფერო.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი თავის წიგნში „ნიკო მარი“ წერს:
„1927 წელს საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარულ ჟურნალ „ოგონიოკში“ პირველი გვერდები დაეთმო წერილს „მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან“, რომელსაც სათაურის ქვეშ მიწერილი ჰქონდა სიტყვები – СОВЕТСКАЯ СТРАНА ДОЛЖНА ЗНАТЬ СВОИХ УЧЁНЫХ!“ ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ როგორც წერილის ძირითადი დებულებები, ისე სათაურის ქვეშ მინაწერიც სტალინს ეკუთვნოდა, ხოლო წერილი ენათმეცნიერ ნიკო მარზე იყო დაწერილი.
ავტორს იქვე მოყვანილ აქვს აკ. გიორგი ჯიბლაძის სიტყვები ნიკო მარზე:
„ნიკო მარი კოლოსია, მისი დიდი მემკვიდრეობა მოგვაგონებს გენიოსი არქიტექტორის, ვთქვათ, ბრამანტეს ან მიქელანჯელოს მიერ აგებულ სრა-სასახლეს, რომელსაც ათასი ფანჯრიდან და ორასი კარიდან 5-6 სარკმელი არ უვარგა, ხოლო ამდენივე კარი საიმედოდ არ იკეტება, მაგრამ ამის გამო შეიძლება, ვინმემ ამ გრანდიოზულ სასახლეს ზურგი შეაქციოს და ქირდვა დაუწყოს?“…
ბატონი ლევან ბერძენიშვილი სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და ჯეროვნად დააფასოს, როგორც დიდი მეცნიერი და ერუდიტი. მან ერეკლე მეფეზე იმდენივე უნდა იმუშაოს, რამდენიც ბარათაშვილზე. მას ბევრად მეტად უნდა შევაყვაროთ მისი სამშობლო და მისი წარსული, მისი დიდი ადამიანები ვიდრე განათლებული ევროპა თუ ამერიკა. ის უნდა დავარწმუნოთ, რომ ის ქართული ოჯახიდანაა და მისი ლოგო ბოლნისის ლომები და ბოლნისის ჯვარია და არა სატანისტთა ჩირაღდანი, რომელშიც ჯოჯოხეთის კუპრი იწვის და მისი გამონაბოლქვი წამლავს პლანეტას.
რამდენად სწორია ბერძენიშვილი სტალინის მიმართ, როდესაც მას ჯალათს ეძახის, როცა ის ბატონ ლევანზე უფრო დიდ, პირად შემგინებლებს პირველი ხარისხის სტალინის პრემიით აჯილდოებდა.
ბატონო ლევან, გადმოდი ქრისტეს გზაზე. მიაფურთხე სატანას. ემსახურე შენს სამშობლოს და შენს ხალხს. ხელისუფლება და ხალხი ამას დაგიფასებს.
პატივისცემით გრიგოლ ონიანი.

გრიგოლ ონიანი; სოციალური ქსელი

 

Cesko