ვაშინგტონი არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, მაგრამ აგრესორი კრემლი არის და ომის შეჩერება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, – ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას მისი ტერიტორიების დასაბრუნებლად უწევს.
„ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას მისი ტერიტორიის დასაბრუნებლად უწევს.
ასეა თუ ისე, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს ეს ომი უკრაინიდან ჯარების გაყვანის გზით, იმის ნაცვლად, რომ განახორციელოს ყოველდღიური სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.