რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა.
4 თვის წინ გაუჩინარებული 25 წლის რუსთაველი ბიჭი სასტიკად მოკლული იპოვეს
მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასევე რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმას – გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს.
დადგინდა, რომ მოკლულს ბოლო კონტაქტი სწორედ მათთან ჰქონდა. მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს.
ოთხი თვის შემდეგ ნაპოვნი ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ის რამდენიმე საათში დაკრძალეს. დედამ ერთადერთ შვილთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო.
გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. “კურიერი P.S.” თაკო მირზაშვილს ისრაელში დაუკავშირდა.
“მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში.
ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!” – განუცხადა “კურიერი P.S.”-ს მოკლულის დედამ.
თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებმა ადვოკატებს მედიასთან საუბარი აუკრძალეს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, მათ სასტიკი დანაშაული უკვე აღიარეს.