პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე… ქორწილი აღარ ჩატარდება – პრეზიდენტი

0
704
35 Views

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგზე განცხადებით გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ სტუმრად ჩამოსული რუსები ქორწილს ყვარელში არ გადაიხდიან.

„ვიცი, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება არის ძალიან აღელვებული და მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ რაღაცა მაღალფარდოვანი პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სულ სხვა რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ეს არის სასაცილო თუ არა სატირალი.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილება არის და არც უიმედობა. პირველ რიგში ამ დღევანდელ ინციდენტზე მინდა გითხრათ რომ, საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება. მივიღე ბოლოს პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.

ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორც თავის დროზე მოხდა გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა. ეს არის ერთი ინციდენტი და ამით პრობლემა არ იხსნება. მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

Cesko