„ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე, საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური საიტია, პირდაპირ დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა და ხდება რა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37 პროცენტი. ამაზე უამრავი ადამიანი ისედაც საუბრობს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, გამზადებულია საბუთები და ვიზას არ ურტყამენ. ჩემს გარშემოა 2 ასეთი შემთხვევა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, „გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაურტყა ბავშვს, ახალგაზრდას ვიზა, მაშინ, როდესაც დაფინანსება აქვს მიღებული ამ ქვეყანაში.
ირაკლი კობახიძე დეტალებისგან თავს იკავებს, თუმცა, მაგალითისთვის მოჰყავს ამერიკის ვიზების გაცემის სტატისტიკა საქართველოს და მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა არსებობდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
„ასეთი უამრავი ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ 37 პროცენტია მაჩვენებელი, როდესაც იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, შარშანწინდელი რუსეთის სტატისტიკაც დევს, ომამდე ვითარებაა ასახული და იქ რა ვითარებაა: 63-იდან 88 პროცენტამდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა.
როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 37 პროცენტი ჩვენთან და 63-იდან 88 პროცენტამდე მეზობელ ქვეყნებში. იგულისხმება როგორც რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს.
რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო ამერიკის ელჩი ამაზე ვიზრუნებდი, მით უმეტეს თუ ფიქრობ რომ ასეთი რისკებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან ან პირდაპირ ფრენებთან. მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, ან უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა. რომ საუბრობენ იმაზე რომ ექსპორტ-იმპორტზე ვართ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან, შენ რატომ არ აფორმებ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამდენი წელი გავიდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.