ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შეწყვეტას არ აიძულებს, ურთიერთობას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, განვითარება არ უწერია.
„ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინის დატოვებას არ უბიძგებს. მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე ამ ომის დასასრულებლად და კონსტრუქციული როლი ითამაშოს უკრაინისთვის დამსახურებული მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა თავისი როლი გაიაზროს.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩინეთი თავის როლს და ვალდებულებებს შეასრულებს. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენი ურთიერთობები აღარ იქნება ასეთი კარგი“, – აღნიშნა ბორელმა.