New York Post: FBI-მ კონგრესს უარი უთხრა ინფორმატორის დოსიეს გადაცემაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის დროს ქრთამი აიღო

0
227
19 Views

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კონგრესს უარი უთხრა ინფორმატორის დოსიეს გადაცემაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა ქრთამი აიღო, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Post-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა გასულ კვირას გამოსცა იურიდიულად სავალდებულო გამოძახება, რომელიც FBI-ს სთხოვდა გადაეცა აღნიშნული დოსიე ოთხშაბათს შუადღისთვის.

სენატორმა ჩაკ გრასლიმ, რომელმაც მამხილებლის მითითება დოკუმენტის შესახებ კომერს გადასცა, განაცხადა, რომ FBI-ი არ დაემორჩილა მოთხოვნას.

„არასაიდუმლო დოკუმენტი არ მოგვცეს. მათ გამოგვიგზავნეს ექვსგვერდიანი წერილი, რომელიც ჯერ არ მაქვს შესწავლილი. არ დავობენ, რომ [ეს დოკუმენტი] არსებობს. რატომ არ მისცეს, არ ვიცი“, – განუცხადა გრასლიმ The New York Post-ს.

გამოცემა The New York Post-ი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ჯო ბაიდენი რეგულარულად ურთიერთობდა მისი ნათესავების საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი და უკრაინა.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტი არის FD-1023 ინფორმატორის დოსიე, რომელიც „შეიქმნა ან შეიცვალა 2020 წლის ივნისში“ – ბაიდენის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე თვით ადრე.

გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდისა და FBI-ის დირექტორ კრისტოფერ რეისთვის გაგზავნილ წერილში, კონგრესის წევრებმა კომერმა და გრასლიმ გასულ კვირას დაწერეს:

„ჩვენ მივიღეთ სამართლებრივად დაცული და უაღრესად სანდო მამხილებლის ინფორმაცია. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს და FBI-ის აქვთ არასაიდუმლო FD-1023 ფორმა, რომელიც აღწერს სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას, რომელშიც მონაწილეობდნენ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და უცხოელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ფულის სანაცვლოდ პოლიტიკრი გადაწყვეტილების მიღებასთან“.

Cesko